მზია ამაღლობელის საქმეზე პოლიციის მაღალჩინოსნები, ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია არ გამოიკითხებიან
აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები, ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმეზე არ გამოიკითხებიან - აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა მოსამართლემ სალიხ შაინიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ სადაოდ არ ხდის საქმეში დაცვის მხარის არგუმენტაციას საქმეში მათი მონაწილეობის შესახებ, რადგან მისი თქმით, კადრებში ჩანს გრიგოლ ბესელია, ასევე ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა.
„სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სტიკერის გაკვრის [დროს] ბესელიამ ხელი მოჰკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზია ამაღლობელს და შეჰყვა მას პოლიციის ეზოში თუ შენობაში და მეორე ჩანაწერია, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავეთო. ეს ორი ფაქტი დადასტურებულად მიმაჩნია, აქედან გამომდინარე, სასამართლო უარს გეუბნებათ მათ დაკითხვაზე, იმიტომ რომ დადასტურებულად მიმაჩნია ვიდეოჩანაწერებით [...]
ვიდეოჩანაწერებში ვერ დავინახე მზიას მხირდან პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტი, გვყავს მოწმის სახით [გოჩა] ვანაძე დაკითხული და ორი პოლიციელი, რომლებიც ამაზე მიუთითებენ მათზე გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. დაცვის მხარის არაერთი მოწმე მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციისთვის“, - განაცხადა მოსამართლემ.
გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის შუამდგომლობმა ადვოკატებმა წინა სხდომაზე დააყენეს. ადვოკატების არგუმენტაცია იყო, რომ ამაღლობელი ბესელიამ დააკავა, დგებუაძემ კი მისი დაკავების საფუძვლად ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი დაასახელა.
- შეგახსენებთ, რომ ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
- ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.