"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან
დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე - ასე იწყება ოთხ კედელში გამომწყვდეული სინდისის პატიმრის წერილი გლდანის ციხიდან, რომელიც თორნიკე გოშაძემ დედას გამოუგზავანა და უთხრა, რომ გაიღიმოს.
რეჟიმის ტყვე წერს, რომ აქამდე საქართველოდან გაქცევაზე ოცნებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საკანში გამოკეტეს, ფიქრობს, რომ ქვეყანას აღარ დატოვებს.
"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - აღნიშნავს გოშაძე.
სინდისის პატიმარი საკუთარ ოჯახის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - "რეჟიმი ისეთ პანიკაშია, არავინ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები".
წერილის ბოლოს თორნიკე დედას წერს, რომ მისი ცხოველები ძალიან მოენატრა - "ძაღლები ჩამიკოცნე და ჩამიჩქმიტე"
დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე. მეც ხომ სულ ვიღიმები. ხომ იცი, არ გამომიშვებენ. ისიც იცი, შენი თაობის პატიმრებთან შედარებით ჩემი შემთხვევა საწუწუნოდაც არ ღირს. თან ვხედავ ტელევიზიის საშუალებით რამდენ ახალგაზრდას აიძულებენ, ქვეყანა დატოვონ. შენ კარგად იცი, როგორ ვოცნებობდი საქართველოდან გაქცევაზე. ხშირად ისიც კი მითქვამს, აქეთ აღარც კი მოვიხედავ-მეთქი, მაგრამ ახლა თუ რამე მინდა, ყველაზე მეტად აქ დარჩენაა, ჩემს სამშობლოში, თუნდაც წლები ციხეში დავკარგო, იმიტომ რომ ჯერ ამერიკაში, ჩინეთში და გერმანიაში კი არა, თავად მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება. ფრთხილად იყავით, გთხოვთ. ვნერვიულობ თქვენზე, ყველას უსაფრთხოებაზე ვღელავ. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, არავინ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები. ხომ კიდევ, ძაღლები ჩამიკოცნე და ჩამიჩქმიტე". - წერს თორნიკე გოშაძე.