შსს 350 სამკერდე კამერას და მეხსიერების ბარათებს ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 350 სამკერდე კამერას და კამერის მუდმივ ლიცენზიას ყიდულობს, რისთვისაც 849 500 ლარია გათვალისწინებული.
შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სამკერდე კამერების ყიდვის აუცილებლობა განპირობებულია დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად.
ირკვევა, რომ უწყება იყენებს კომპანია „AXON“-ის წარმოების “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერებს. AXON-ის დისტრიბუტორი საქართველოში შპს „ენ ჯი თი ჯგუფია“.
შსს ასევე გეგმავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენის მიზნით ფლეშ მეხსიერების ბარათების შესყიდვას. ღირებულება 3210 ლარია.
განაცხადით ირკვევა, რომ უწყებას ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული, თუმცა სანამ ამ ტენდერის შედეგები იქნება, შსს წერს, რომ საჭიროა მეხსიერების ბარათების უმოკლეს ვადაში, ტენდერის გარეშე შესყიდვა.
„გაცნობებთ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან ოფიცრის სამკერდე კამერებით.
არსებული მდგომარეობით, სამსახური იყენებს კომპანია „AXON“-ის წარმოების “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერებს. მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს კამერებისა და მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო მუდმივი ლიცენზიის შესყიდვა.
საჭიროება განპირობებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების საშსტატო რიცხოვნობის ზრდით, რომელთაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა გამოიყენონ სამკერდე კამერები.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის გაზრდამდეც არ იყო სრულად დაკომპლექტებული სამკერდე კამერებითა და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ლიცენზიებისათვის“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.