მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 17 მარტამდე გადადო

14.03.25 13:22
მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 17 მარტამდე გადადო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 17 მარტამდე გადადო.

ამის შესახებ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ  ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მესამე პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა, დღეს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ესარგებლა, თუმცა, მას უარი ეთქვა, საბადრაგო სამსახურს კლინიკა “ვივამედიდან“ სასამართლოში გადაეყვანა. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და ის კლინიკიდან დისტანციურადაც აღარ ჩაერთვებოდა.

პროცესზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე დღის წინ გამოტანილი განაჩენი ცნობის სახით წარუდგინა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ამის ნათელი მაგალითია, რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც პიჯაკების საქმეზე მას 9 წელი მიუსაჯეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეკვეთით. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ეს არის სამშობლოში მესამე პრეზიდენტის დაბრუნების საქმე, აქ პროკურატურა იგივე ტიპის არგუმენტებს აყენებს და იგივე საფუძვლებით ითხოვს, მიხეილ სააკაშვილისადმი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, როგორც იგივე პროკურორები გაასამართლებდნენ ზვიად გამსახურდიას, რომელიც გროზნოდან დაბრუნდა საქართველოში“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. 

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი არასდროს გათავისუფლდეს.

„სინამდვილეში დევნიან არა იმის გამო,რომ ეს ძალიან დიდი დარღვევაა და ვინმეს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან საქართველოში ბილიკებით შემოპარული, საქართველოში თვეობით ცხოვრობდნენ და კაციშვილს არ მოუკითხავს. სინამდვილეში, ყველაზე სერიოზული და საშიში პოლიტიკური ოპონენტია მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმისთვის და უნდათ ეს საქმე ჰქონდეთ მასზე „მიკერებული“ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებაზე ის ვერასდროს აღმოჩნდეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგასხენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის  344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.