სინდისის პატიმრების ადვოკატები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა საერთაშორისო დავებში გამოიყენონ

ეუთო/ოდირის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მომზადებული კრიტიკული დასკვნა სინდისის პატიმრების ადვოკატებისთვის ხელსაყრელი გარემოებაა.
რეჟიმის ტყვეების უფლებადამცველები განმარტავენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებულ საქმეებს თან დაერთვება.
თორნიკე მიგინეიშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები კანონების რეპრესიულობაზე უსვამენ ხაზს, ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება კარგი არგუმენტი ხალხის სიმართლის დასამტკიცებლად.
დასკვნები, მითუმეტეს საერთაშორისო და აღიარებული ორგანიზაციების, მნიშვნელოვანი უნდა იყოს წესით. ჩვენ ამას მაინც ვიყენებთ, რადგან შეიძლება სამომავლოდ დაგვჭირდეს. ვამბობთ, რომ ყველა საქმე შეიძლება გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამიტომ იქ იმის ჩვენება, რომ ჩვენ საწყის ეტაპზევე მივეცით სასამართლოს საშუალება, რომ გამოესწორებინა ეს მდგომარეობა და წარვუდგინეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
სასამართლოს აქვს სტანდარტი დადგენილი, რომ 2 200, 2 500 ლარით აჯარიმებს მოქალაქეებს და არ აქვს მისთვის მნიშვნელობა სოციალურ ფენას, ინდივიდუალურ მახასიათებლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შაბლონებს მიყვები, რომელიც ან თავად შექმენი, ან ვინმემ შეგიქმნა. ამის საფუძველზე კიდევ უფრო არღვევს და ზრდის დარღვევის სტანდარტს, რომელიც არის საქართველოში და სასამართლოში". - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ფიქრობს, რომ კანონში შეტანილი განმარტებები საკმაოდ ბუნდოვანია, რაც ივანიშვილის რეჟიმს აძლევს საშუალებას, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ კანონმდებლობად არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს.
ეს ზოგადი, ბუნდოვანი ფორმულირებები არაკეთილსინდისიერად და ბოროტად გამოიყენება ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემდგომში სასამართლოს მიერ. ტოტალური უგულებელყოფა ხდება ამ გარემოებების შსს-სა და სასამართლოს მხრიდან. განურჩევლად ყველას მხრიდან გამოიყენება მაღალი ოდენობის ჯარიმები, რაც აშკარა არის, რომ არაპროპორციული არის ამ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან. აშკარაა ისიც, რომ ამ ადამიანებს თავად გაუჭირდებათ ასეთი მაღალი ოდენობის ჯარიმების გადახდა". - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა.
- ODIHR-ი წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, განსაკუთრებით ICCPR-ის 21-ე მუხლსა და ECHR-ის 11-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
- ODIHR-ი ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, რომ დამტკიცებული ცვლილებები სრულად გააუქმოს, რადგან მათივე განმარტებით, კანონმდებლობაში შეტანილი ახალი დებულებები და წესები არადემოკრატიულია.