ქალი, რომელიც ცოცხლად დაწვეს - სიკვდილი დუმილის გამო
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ "შაბათის ეთერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საუვარია 2024 წლის 12 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 25 წლის გალინა ნოზაძეს ქმარმა ცეცხლი სამი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით წაუკიდა და დაწვა. ქალი 10 დეკემბერს, 28-დღიანი მედიკამენტოზური კომის შემდეგ, 70%-იანი დამწვრობით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, თემურ ყარალაშვილმა მძინარე ახალგაზრდა ქალს ჯერ ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი მოკიდებული სიგარეტი საწოლზე დააგდო. საწვავი სახლში თემურ ყარალაშვილმა თავად მიიტანა, რაც ტოვებს განცდას, რომ დანაშაული მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
ქალის დაწვიდან რამდენიმე დღეში, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა დაღუპულის ოჯახის წევრებთან ინტერვიუ ჩაწერა. დამწვარი ქალის მამამთილი, 60 წლის გურამ ყარალაშვილი ამტკიცებს, რომ მაშინ, როდესაც მისმა შვილმა რძალი სასიკვდილოდ გაიმეტა, ეძინა და არაფერი დაუნახავს. მისი გაღვიძება ხმაურმა შეძლო, რის შემდეგაც დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა დამწვარი ქალის სხეულზე ცეცხლის ჩაქრობა სცადეს.
პირველი ზარი 112-ში ღამით შევიდა. სასწრაფო დამწვარი ქალის დედამთილმა, მზია ყარალაშვილმა გამოიძახა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გალინა ნოზაძე თიანეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს რეგისტრატორი შაბათის ეთერს ეუბნება, რომ პაციენტი 13 ნოემბერს, 00:10 საათზე შეიყვანეს.
კლინიკაში მორიგე მთავარი ქირურგი ალექსანდრე გორდელაძე იყო. მედიკოსს კარგად ახსოვს, რომ დამწვარ ქალს ჯერ კიდევ საუბარი შეეძლო და ის განყოფილებაში ქმრის შეყვანას ითხოვდა. ამ სავარაუდო გარემოებით ჩნდება განცდა, რომ გალინა ნოზაძეს ცეცხლი მძინარეს გაუჩნდა და ის ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რომ მისი ცოცხლად დაწვა მისსავე ქმარმა სცადა.
"შაბათის ეთერს" ეუბნებიან, რომ გალინა ნოზაძე წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და მას არა მხოლოდ ქმარი, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც სცემდნენ. ყარალაშვილების ძალადობის შესახებ მთელი სოფელი ინფორმირებული იყო, თუმცა პოლიციაში არავის უჩივლია. რძლის ყოველდღიური ცემის თვითმხილველი იყო დედამთილი, რომელიც გამოძიებას ამ დრომდე არც დაუკითხავს. ძალადობის შესახებ გალინას დედამაც იცოდა, თუმცა ისიც დუმდა.
ცოლის დაწვაში ბრალდებული კაცი დანაშაულიდან მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წაუყენეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც საკუთარი შვილების დედა სასიკვდილოდ გაიმეტა, დანაშაულს არ აღირებს. დამწვარი ქალის ოჯახი კი უმკაცრეს სასჯელს და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.