ვინ მოკლა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა? - ექსკლუზიური დეტალები

15.03.25 20:51
ვინ მოკლა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა? - ექსკლუზიური დეტალები

ვინ მოკლა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა - "შაბათის ეთერისთვის" ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ჯანგველაძე მეგობრის პანაშვიდზე მაშინ გამოჩნდა, როცა პროცესიაზე ოჯახის უახლოესი წევრების გარდა არავინ იმყოფებოდა. 

ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება, ჯანგველაძე ადგილზე მძღოლმა მიიყვანა და ის ვაკეში  მკვლელობის მომენტში პირად მცველთან ერთად არ ყოფილა. 

"ტვ პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, პირად მცველს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სწორედ ამ მოტივით არ იმყოფებოდა ის გუშინ მკვლელობის მომენტში ლევან ჯანგველაძესთან. 

ცალმხრივი მოძრაობის გამო, მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის. 

ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო ვიდეო-კამერების გაშიფვრის შემდეგ, ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ ქილერი მკვლელობის მომენტში სილიკონის ნიღაბს ატარებდა.  

მეორე კადრებში კი ჩანს, როგორ გარბის ქილერი მკვლელობის ადგილიდან, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ის კარგად მომზადებული პირია, რომელიც შუახნის მამაკაცი არ არის, როგორსაც პირველი შეხედვით ტოვებს.