ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა

16.03.25 15:14
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა

მკვლელობა ვაკეში - ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში ადასტურებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "პირველებს" უძილაურის დედა ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის სახლიდან ჩიპები და ელექტონული მოწყობილობები წაიღო. უძილაურის 75 წლის დედისთვის პოლიციას არ უთქვამს, რა მიზეზით ეძებდნენ მის შვილს. 

არ ვიცი სადაა, მე სოფელში ვარ და თვითონ კიდევ თბილისშია. კი, იყო პოლიცია და ვერ გავიგეთ რა უნდოდათ. მე გელა არ მინახავს. არაფერი ვიცი, - ამბობს ელისაბედ უძილაური. 

"პირველებმა" გაარკვია, რომ ყოფილი სპეცრაზმელი ბოლოს კახეთში სამი დღის წინ ნახეს. ყვარელში ადგილობრივები ადასტურებენ, რომ უძილაური ყოფილი ძალოვანია და სპეცრაზმში მუშაობდა. 

ჩამოდის ხოლმე, იმ დღესაც იყო... მემგონი ერთი სამი დღეა ან ოთხი, რაც დავინახე. ფეხით მოძრაობდა, ეტყობა, მაღაზიაში იყო, - ამბობს ადგილობრივი. 

ახლა პოლიცია გელა უძილაურს ქვეყნის მასშტაბით ეძებს.  გამოძიებამ უნდა თქვას, ძალოვანი უწყების ყოფილმა თანამშრომელმა მოკლა კრიმინალური ავტორიტეტის, "სოხუმსკის" ძმა - ლევან ჯანგველაძე, თუ უძილაური ქილერს ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე გახმაურებული მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. ჩაცხრილულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება. ცალმხრივი მოძრაობის გამო მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის. 

 

მსგავსი სიახლეები