შეიარაღებული თავდასხმა ოპოზიციაზე - დაკავებულია "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი

22.09.21 10:10
 შეიარაღებული თავდასხმა ოპოზიციაზე - დაკავებულია "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი

 შეიარაღაბეული თავდასხმა ოპოზიციაზე დმანისში - სამართალდაცველებმა "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.
სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც,
- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 3 დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები