"ოცნების" ისტერიული კრუნჩხვებია - მეტრეველი ფონდების ანგარიშების დაყადაღებაზე
"ოცნებას" სურს, ქვეყანაში სოლიდარობის, ურთიერთდახმარების და მხარდაჭერის განცდა გააქროს - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეა მეტრეველმა "ტვ პირველის" ეთერში საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღების შესახებ საუბრისას განახადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსით შეფასებით, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბანკის ანგარიშების დაყადაღება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმს პროტესტის ეშინია.
"ქართული ოცნების" გუნდს უნდა, რომ გააქროს ჩვენს ქვეყანაში სოლიდარობის, ურთიერთდახმარების, მხარდაჭერის განცდა. აი ის ძაფები, ხიდები, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს და ქართულ საზოგადოებას ძალიან ძლიერს ხდის უნდა მოარღვიოს. უნდა აჩვენოს ქართულ საზოგადოებას, რომ ერთადერთი ხელი, რომელიც თქვენ პურს გაძლევთ, ეს არის ჩვენი პარტიულ ბიუჯეტი. ისინი თვლიან სახელმწიფო ბიუჯეტს "ქართული ოცნების" ოფისის ყულაბად...
ეს არის ისტერიული კრუნჩხვები და მოდი ვთქვათ, რომ ოცნების გუნდს აქვს სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა. ეს არის ამ გუნდისთვის პრობლემა, მათ ეშინიათ პროტესტის", - ამბობს დეა მეტრეველი.
ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.