"შოკირებულია, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა"- 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

18.03.25 11:23
"შოკირებულია, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა"- 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

თბილისში, ბარ „სახელოსნოსთან" 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 წლის ლუკა შენგელიას საქმეზე საქალაქო სასამართლო დღეს, 18 მარტს იმსჯელებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

დაკავებულის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე "პირველებს" ეუბნება, რომ ბრალდებული "შოკურ მდგომარეობაშია", რის გამოც მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია.

დაკავებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში 21 წლის ბიჭის გადარჩენა შეიძლებოდა. 

არის შოკირებულ მდგომარეობაში, რაიმე დეტალურზე მასთან საუბარი და საკითხის ღრმად განხილვა, ყოვლად შეუძლებელი იყო, მასთან ფსიქოლოგი იყო შესული, რაღაც მედიკამენტები მიაწოდეს - საკმაოდ მძიმე და რთულ მდგომარეობაშია.

გამოძიებას ამოღებული აქვს დანა და როგორც გამოძიება ბრალში წერს - დანის მეშვეობით მოხდა მკვლელობა. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული -  ჭრილობის მიყენების შემდეგ,  სასწრაფო მანქანამ გადაიყვანა აღნიშნული  პიროვნება ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა კილინკამ არ მიიღო, შემდეგ იგი გადაყვანილი იქნა მეორე კლინიკაში, თუმცა ამ საცობების ფონზე როგორც ჩანს, დაგვიანებული იქნა სამედიცინო დახმარება"- აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

გამოძიების ინფორმაციით, ლუკა შენგელიამ თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურამ გიორგი ახალაიას მკვლელობის ფაქტზე დაკაევბულს ბრალდება გუშინ წარედგინა.

ლუკა შენგელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები