საბა ჯიქია საქმე - მოწმე პოლიციელი ირწმუნება, რომ "ვიდეომტკიცებულებას სოციალური ქსელის სქროლვისას წააწყდა"
საბა ჯიქია საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარეს ორი მოწმე პოლიციელი ჰყავდა წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ირწმუნებოდა, რომ "ვიდეომტკიცებულებას სოციალური ქსელის სქროლვისას წააწყდა", რის შემდეგაც ვიდეო ჩამოწერა და "ხელმძღვანელობას შეატყობინა.
- 18 წლის აქციის მონაწილეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება და ციხეში 7 წლით უპირებს გაშვებას.
სამსახურში ვიმყოფებოდი, ვათვალიერებდი სოციალურ ქსელს, სადაც წავაწყდი ვიდეოს, რომელიც ასახავდა პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს. აღნიშნულის შესახებ მოვახსენე ხელმძღვანელობას, ჩანაწერი გადმოწერილ იქნა კომპიუტერში, ასევე ჩემს ტელეფონში და შესაბამისი განჩინების საფუძველზე, გამომძებლის მიერ აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერი ჩემი ტელეფონიდან იქნა გამოთხოვილი.
მე იმ წუთში პირის იდენტიფიცირება ვერ შევძელი, თუმცა შემდეგ მოვიკითხე და მითხრეს, თუ ვინც იყო იდენტიფიცირებული", - განაცხადა პოლიციელმა.
ჯიქია გომელაურის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. 2006 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საბა ჯიქია ბრალს არ აღიარებს.