მზია ამაღლობელის მოსამართლე ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით გამოცდა ჩაბარებული არ აქვს

18.03.25 15:15
მზია ამაღლობელის მოსამართლე ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით გამოცდა ჩაბარებული არ აქვს

 

 

მზია ამაღლობელის საქმე - ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის ადვოკატმა სანქცირებული მოსამართლის, ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

უფლებადამცველების განცხადებით, მოსამართლის განათლება ვერ აკმაყოფილებს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმებს - "სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით"- თქვა ადვოკატმა.

დაცვის მხარის თქმით, მოსამართლე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და  ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპს.

დაამთავრეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა - შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებთ საერთო სასმართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. არ გაქვთ კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ, მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული გაქვთ მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით, სამუშაო გამოცდილება კი 2022 წლამდე მხოლოდ ამ მიმართულებით გქონდათ, რის გამოც, გაუგებარია, რა კრიტერიუმით დაინიშნეთ 2022 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ", - თქვა პროცესზე ადვოკატმა. 

საბოლოოდ, მოსამართლე სახელაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დღეს აღიარა, რომ მას მართლაც არ აქვს ჩაბარებული გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა მისი თქმით, არ არსებობს კანონის ნორმა, რომელსაც მსგავსი მოთხოვნა აქვს.

მინდა საზოგადოებას და დაცვის მხარეს განვუმარტო, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, ვერცერთი კანონის ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის და ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს, რომ მას არ ჰქონდეს უფლებამოსილება სისხლის სამართლის სპეციალიზაციასთან დაკავშირებით". - თქვა სახელაშვილმა სხდომაზე.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება.

გამოძიება ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, აღნიშნული მუხლი  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.