"საქმე პოლიტიკურია" - რა მოლოდინი აქვთ მზია ამაღლობელის კოლეგებს

18.03.25 15:20
"საქმე პოლიტიკურია" - რა მოლოდინი აქვთ მზია ამაღლობელის კოლეგებს

მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის პროცესს ესწრებიან, ამბობენ, რომ პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. "ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე დსარწმუნებულია, რომ მოსამართლეს აქვს დავალება, ამაღლობელი პატიმრობაში დატოვოს. 

დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ. არ ვიცი, სასჯელის რა სახეს შეუფარდებენ, მაგრამ მგონია, რომ მზიას ამ შემთხვევაშიც კი არ, ვერ გაამართლებენ. აქვთ დავალება, რომ მზია უნდა იყოს პატიმრობაში. სამწუხაროდ, ამ შენობაში სამართალი არ აღსრულდება, - ამბობს ეთერ თურაძე. 

საზმაუს ყოფილი ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ფიქრობს, რომ რეჟიმს მზია ამაღლობელის ეშინია. ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ "ბათუმელების" დირექტორი პოლიტპატიმარია.  

ის, რომ მზია ამაღლობელი არის პატიმარი, ჩემი შეფასებით, მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას ეშინია ამ ძლიერი ქალის, ვიღაცას ეშინია მისი ძლიერი ხმის და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ მზია ამაღლობელი არის კონკრეტულად პოლიტპატიმარი. ის, რომ მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციულად დააკავეს სტიკერის გაკვრაზე, შემდეგ კი მისი კონკრეტული მოქმედება შეფასდა როგორც თავდასხმა პოლიციელზე და მას შეეფარდა პატიმრობა, არაფერია თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამბობს ვასილ ივანოვ ჩიქოვანი. 

სანქცირებული მოსამართლის, ნინო სახელაშვილისგან საქმის ობიექტურად განხილვის იმედი არც "მთის ამბების" რედაქტორს, გელა მთივლიშვილს აქვს.  

საქმის განხილვა არსებითი განხილვა დაევალა მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც მზიას პირველი პროცესი განიხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდება და პატიმრობაში გაუშვა სრულიად უკანონო, აბსურდული საფუძვლებით და ახლა რა მოლოდინი უნდა მქონდეს, იმის შემდეგ, რაც მზია დააპატიმრა ამ ქალმა და ამის შემდეგ ის გაამწესეს უვადოდ, დააჯილდოვეს და რა მოლოდინი უნდა მქონდეს ამ მოსამართლისგან?, - ამბობს მთივლიშვილი.  

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დარბაზში იმყოფება თავად ჟურნალისტიც.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს და შუამდგომლობებს განიხილავს. მანამდე ადვოკატებმა სანქცირებული მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა ეს შეუამდგომლობა ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა.