„მაგნიტსკის სიას“ აღიარებთ? - გიორგი ახობაძე სანქცირებულ პროკურორ გობეჯიშვილს
ერთადერთი სიმართლე არსებობს და ამ სიმართლეს ვამბობ მე! - თუ დამტკიცება გინდათ, რომ ვიტყუები, ან ცრუ ჩვენებას ვიძლევი, გამოძიება და დამატებითი ბრალის წაყენება შეგეძლოთ - ასე მიმართა სასამართლოს გიორგი ახობაძემ, რომელსაც რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება და ციხეში უვადოდ უპირებს გაშვებას.
ექიმმა რეანიმატოლოგმა დღეს მოსამართლე ჯინჯოლიას პირდაპირ უთხრა, რომ სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ "დაშვებული შეცდომების აღმოჩენის და იდენტიფიცირების, ასევე სასამართლოზე წარმოდგენის უფლება არ მისცა".
ახობაძემ მიმართა საქმის პროკურორსაც, რომელიც ბალტიის ქვეყნების მიერ არის სანქცირებული და ჰკითხა: - „მაგნიტსკის სიას“ აღიარებთ?"
ექიმმა შმაგი გობეჯიშვილს ასევე ურჩია, „საპროცესო კოდექსში იმეცადინოს“ და შეახსენა, რომ კოდექსის მიხედვით," ყველას თანაბარი გამოძიების უფლება აქვს".
„აქ ამ დარბაზში ერთადერთი სიმართლე არსებობს და ამ სიმართლეს ვამბობ მე! და თუ თქვენ დამტკიცება გინდათ, რომ ვიტყუები, ან ცრუ ჩვენებას ვიძლევი, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, ამის გამოძიება და დამატებითი ბრალის წაყენება შეგეძლოთ. მაგრამ ეს არ შეგიძლიათ იმიტომ, რომ ყველა ნაბიჯზე იმ ხალხს, ვინც ეს საქმე თქვენამდე მოიტანა, შეცდომები აქვთ დაშვებული, რომლის აღმოჩენის და იდენტიფიცირების, ასევე სასამართლოზე წარმოდგენის უფლება არ მომეცით...
პირველ რიგში, მინდა შმაგის [შმაგი გობეჯიშვილი, პროკურორი] მივულოცო, გავიგე ბალტიის ზღვაზე მიდის დასასვენებლად…
რაც შეეხება საქმეს, როგორც მე საპროცესო კოდექსში წავიკითხე, ამხანაგ გობეჯიშვილს უფლება-მოვალეობა აქვს, რომ კონკრეტული საქმე სრული სიმართლით გამოიძიოს. მაშინ, როდესაც მე პირველივე პროცესზე ვახსენე, რომ მოხდა კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, სამსახურებრივი მდგომარეობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ჩემს ჯიბეში კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების მოთავსება, წიგნი არ შემომატანინეს და მან ჩემზე უკეთესად იცის, რომ „საპროცესო კოდექსით“ მას ევალება, როგორც კი მის გასაგონად მე ეს გავაჟღერე, გამოძიება დაეწყო. რა თქმა უნდა, ეს არ დაუწყია. კითხვა მაქვს გობეჯიშვილთან: - „მაგნიტსკის სიას“ აღიარებთ? დიახ, საქმესთან ახლოსაა. პასუხის გაცემა უჭირს, როგორც ჩანს, აღიარებს.
ვერტიკალურად მართვადი სისტემა, როგორიც არის შსს, მისი ხელმძღვანელიც და მოადგილეც არის „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანილი. როცა აქ ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის ჯიბეში მოათავსეს უკანონო ნივთიერება, თქვენ საფუძვლიანი ეჭვის მიღმაც უნდა გაგიჩნდეთ იმის სურვილი და მოტივაცია, რომ მე რაზეც ვსაუბრობდი, გამოგეძიებინათ. რა ინფორმაციას მიიღებდით ამით? - „112-ის“ კამერები, რომლებიც ჩვენ არ მოგვცეს, დაადგენდა და იმ კონკრეტული ავტომანქანების იდენტიფიცირებას მოახდენდა, რომელიც იქ იყო ჩემი დაკავებისას. ასევე, დაადგენდა პოლიციელების რაოდენობას. ამის შემდეგ შეგვეძლებოდა იმ კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირება, რომელიც საქმიდან გამქრალები არიან, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი. ერთ-ერთზე მგონია, რომ პირდაპირ მან ჩამიდო [ნივთიერება]. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავადგენდით რომელი საპატრულო ეკიპაჟი იყო ჩემთან მოსული, იმ საპატრულო ეკიპაჟის ოფიცერს ჩემს პირადობის მოწმობაზეც ჰქონდა ხელი მოკიდებული, სადაც დატოვა როგორც თავისი თითის ანაბეჭდი, ასევე დნმ-ის კვალი. ამას გარდა, იმ რაღაც ნივთებზე, რომელიც ჯიბეში მომითავსეთ, სანამ ჩემამდე მოვიდოდა აუცილებლად ექნებოდა ხელი მოკიდებული რომელიმეს, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა.
მათ შორის, შეიძლებოდა მათი დნმ-ის ნიმუშების აღება და შედარება იმ დნმ-ზე, რომელზეც ექსპერტი ამბობს, რომ არ არის ინფორმატიული, თანხვედრაში ვერ მოდის ჩემს დნმ-თან, ანუ სხვა დნმ-ია. მე თუ მექნებოდა საშუალება დამეიდენტიფიცირებინა პირები, რომლებსაც პოტენციურად ეს ნივთები ეჭირათ ხელში, თითს დავადებდი ვის ხელში იყო ეს ნივთები, რომლებიც ჩემს ჯიბეში მოათავსეს. არც თქვენ მოინდომეთ ამის გამოძიება. გამოძიება დაიწყეთ იმაზე, რაც საჯაროდ განგიცხადეთ რომ კანონი დაირღვა? ეს ხომ გევალებათ? „საპროცესო კოდექსი“ გუშინ წავიკითხე, ვიმეცადინე. თქვენც რომ იმეცადინოთ არ გაწყენდათ. კოდექსში წერია, რომ თანაბარი გამოძიების უფლებები გვაქვს. ერთადერთი განსხვავებით თქვენ შეგიძლიათ მოსამართლის გარეშე მოიპოვოთ გარკვეული მტკიცებულებები, „112“ არ მოგცემთ? და ჩვენ ამის უფლება არ მოგვცეს, მაშინ, როცა კოდექსში წერია, რომ თანასწორად შეგვიძლია მოვიპოვოთ მტკიცებულებები“,- განაცხადა ახობაძემ.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან “ნებისმიერი ოდენობის გირაო” შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
- ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
- პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.