ბათუმელი მედროშე მიგრაციის დეპარტამენტს და "ვივა მედს" სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ადანაშაულებს

18.03.25 17:21
ბათუმელი მედროშე მიგრაციის დეპარტამენტს და "ვივა მედს" სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ადანაშაულებს

სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.  გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა.

მანამდე კი ბათუმელი მედროშემ სხდომაზე მიგრაციის დეპარტამენტი და კლინიკა "ვივა მედი" სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

თემურ ქათამაძე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ კლინიკაში არასათანადო კვება დაუნიშნეს, რამაც "ლამის კუჭი დაუზიანა". 

5 მარტს, ღამე მე "ვივამედის" ჯოჯოხეთი დამანახეს, ჩემი სიცოცხლე უფლის მეშვეობით გადარჩა - თქვა ქათამაძემ. 

მისივე განმარტებით, აღნიშნულისთვის დამატებითი დოკუმენტაციის შესაგროვებლად დრო სჭირდება, რის გამოც, სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

  • ქათამაძემ პროცესზე განაცხადა, რომ კლინიკაში მისი „სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების გამო” გამოძიების მოთხოვნით მან 17 მარტს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რითაც მის მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მოითხოვა.

4 მარტს სამკურნალოდ გადამიყვანეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მიგრაციის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სკანდალური სპეცოპერაცია კლინიკა "ვივამედის" ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ერთად შეეცადა, ჩემი კუჭის, ორგანოების დაზიანებით განზრახ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით. ეს ჩემნაირი, 48 დღიანი მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო.

5 მარტს, ღამე მე "ვივამედის" ჯოჯოხეთი დამანახეს, ჩემი სიცოცხლე უფლის მეშვეობით გადარჩა. ორმხრივი, ანუ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და "ვივამედის" მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხით, ზეწოლის შედეგად ჩემი ნებისყოფა გატყდა და მოიპოვეს მათზე სრული დამორჩილება. ამის საფუძველზე იძულებით, ჩემი კვებითი აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა "ვივამედში" და დავბრუნდი უკან, მიგრაციაში. კლინიკიდან მიგრაციაში წამოვიღე ხუთი კვების კონტეინერი, რომელიც ჩემ ოთახში, შემდეგი პროცესებისთვის მტკიცებულების სახით არის განთავსებული," - აცხადებს თემურ ქათამაძე.

ცნობისთვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში პოლიციამ, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. 

ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. ბათუმელი აქციების მედროშე პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.