შემეშინდა, პოლიციას რამე არ დაეშავებინა, არ გაველახე - 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

18.03.25 17:26
შემეშინდა, პოლიციას რამე არ დაეშავებინა, არ გაველახე - 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

 

 

მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

  • დაცვის მხარე 18 წლის ბიჭის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი ამბობს, რომ 15 მარტს, 21 წლის გიორგი ახალაიასა და ლუკა შენგელიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება, რაც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, შენგელიამ ამოიღო დანა, რომელიც მსხვერპლს მუცლის არეში ჩაარტყა. 

ბრალდებულმა გამოავლინა უკიდურესად დაუნდობელი, აგრესიული ხასიათი, როდესაც ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გარდაცვლილს. ეს მიანიშნებს შემდეგს - საშიშროებაა იმისა, რომ გაგრძელდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამის აღსაკვეთად კი საჭიროა მისი უპირობო იზოლაცია- პატიმრობა” , - განაცხადა პროკურორმა. 

რაც შეეხება ლუკა შენგელიას დაცვის მხარეს, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 18 წლის სპორტსმენინ  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

ადვოკატმა პროკურორის საპასუხოდ თქვა, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. 

თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაუკავშირდა ისნის პოლუციის უფროსს და თავად ჩაბარდა.  აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამბობს, რომ კონფლიქტი მას არ დაუწყია, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, შენგელია ორ მცირეწლოვან ძმას ზრდის და მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა. 

სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ.

ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან არ გავქცეულვარ იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი…

იმის შიშიც მქონდა,  პოლიციას რამე არ დაეშავებინა, არ გაველახე, ან მსგავსი რამ არ ყოფილიყო. ამ მიზნით ჩემს ახლობელს დავუკავშირდი და ჩემს ახლობელთან ერთად ჩავბარდი. 

მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარე ყველაფერი”, - განაცხადა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე"- თქვა ბრალდებულმა. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.