რა იგულისხმება "დანაშაულის შემცველ ქმედებებში" და რა გახდა ფონდების დაყადაღების საფუძველი - პროკურორის პირველი კომენტარი

19.03.25 11:14
რა იგულისხმება "დანაშაულის შემცველ ქმედებებში" და რა გახდა ფონდების დაყადაღების საფუძველი - პროკურორის პირველი კომენტარი

"პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ 5 საქველმოქმედო ორგანიზაცია დააყადაღა. დოკუმენტში ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია. მათ შორის არის ეპიზოდი, სადაც საქველმოქმედო ფონდებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებაში ადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება.

პროკურორი, რომლის მიმართვის საფუძველზეც მოსამართლემ ფონდების დაყადების განჩინება გასცა, ლაშა კოტრიკაძეა, მოსამართლე, კი, რომელმაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მზია გარშაულიშვილია. 

ლაშა კოტრიკაძეს დღეს "პირველები ესაუბრა და ჰკითხა, რა იგულისხმება "დანაშაულის შემცველ ქმედებებში" და რა გახდა ფონდების დაყადაღების საფუძველი. დეტალებზე საუბრისგან პროკურორი თავს იკავებს. კოტრიკაძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ  შუამდგომლობა გაცილებით მოცულობითია.

პროკურატურამ რაც გაავრცელა განცხადება, რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი არ წერია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ძირითადი დასაბუთება არის იქ. არასერიოზული ლაპარაკი, რომ ლობიანებს და ხაჭაპურებს ყიდულობდნენ და ფონდს ამიტომ დაედო ყადაღა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? როცა სასამართლოს მივმართეთ, ის შუამდგომლობა გაცილებით მოცულობითია და იქ ყველაფერი არის დასაბუთებული. შუამდგომლობა რომ საფუძვლიანი არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამას სასმართლო არ გაიზიარებდა არ დააკმაყოფილებდა, - ამბობს კოტრიკაძე სატელეფონო საუბარში. 

არის თუ არა შესაძლებელი, რომ ფონდების ხელმძღვანელები დააკავონ, კოტრიკაძე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ამას გამოძიება აჩვენებს.

ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და რა უნდა გიპასუხოთ?, - ამბობს პროკურორი. 

ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.