მკვლელობა არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდელობის გამო? - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია

22.09.21 13:36
მკვლელობა არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდელობის გამო? - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია

მარნეულში მომხდარი შემზარავი მკვლელობის მიზეზის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - მოკლული ჯავიდ ჩოვდაროვის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ 28 წლის კაცი 20 ლარის გამო მოკლეს. 

ჯავიფ ჩოვდაროვის დედის თქმით, ერთ-ერთ ქალს მგზავრობის თანხის დავალიანება ჰქონდა, გარდაცვლილმა ვალის, 20 ლარის, გადახდა მოსთხოვა. ქალმა მარნეულში მცხოვრებ მის ძმებს სთხოვა საქმეში ჩარევა.

საპირისპიროს ამბობენ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ძმების, ოსმან და ომან ტალიბოვების ახლობლები. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, 28 წლის კაცი ნაცნობ ქალთან  არასასურველი კომუნიკაციის გამო მოკლეს. 

იგივე ვერსიაზეა საუბარი საქმის მასალებშიც - პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოსმან და ომან ტალიბოვებმა 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, მათი დის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდლობის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯავიდ ჩოვდაროვს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი თოკით შეუკრეს და ავტომანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც წყლის არხში ჩააგდეს. 

ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ომან ტალიბოვი, ციხიდან ახლახან გამოვიდა. დაკავებულ ძმებს სოფელში დადებითად ახასიათებენ. 

28 წლის ბიჭის კვალი მარნეულის ბაზრიდან 18 სექტემბერს დაიკარგა. ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს, თუმცა ვერსად მიაკვლიეს. გამტაცებლებმა მოკლული მარნეულის მახლობლად წაიყვანეს, სადაც ის არხში ჩაახრჩვეს. 

მსგავსი სიახლეები