"საზოგადოება არ გაჩერდება, მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს" - პატარაია
"საზოგადოება არ გაჩერდება, მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს" - ამის შესახებ კავშირი "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ საქველმოქმედო ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საპასუხოდ განაცხადა.
მესამე სექტორის წარმომადგენელმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, მოქალაქეები იპოვიან გზებს, რომ ერთმანეთს სათანადო დახმარება გაუწიონ - "ვერავინ ვერასდროს დაგვიშლის, რომ ფული ავუკრიბოთ ერთმანეთს".
საზოგადოება არ გაჩერდება, სოლიდარობა არ გაჩერდება. ჩვენ მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს, როგორ გავაძლიეროთ ერთმანეთი. ვერავინ ვერასდროს ვერ დაგვიშლის, რომ ფული ავუკრიბოთ ერთმანეთს. ვერავინ დაუშლის ემიგრანტებს, რომ ფული ინდივიდუალურ ანგარიშებზე გადმორიცხონ. მარტო ფონდების დაკეტვით დახმარების გაუქმებას ვერ შეძლებენ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ სხვადასხვა მოცემულობას, როგორ შეიძლება თანხის შეგროვება". - განაცხადა ბაია პატარაიამ.
ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.