"ფეხებს საერთოდ ვეღარ გრძნობდა, ხელებზე სილურჯეები ჰქონდა"- მოშიმშილე გიორგი ჩიკვაიძეს სავარაუდოდ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ
შიმშილობის მეცხრე დღე - გიორგი ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი მოშიმშილე პატიმრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ირაკლი პაპიაშვილის თქმით, დაკავებულის მდგომარეობა გუშინ იმდენად "დამძიმდა", რომ "ფაქტობრივად ფეხებს საერთოდ ვეღარ გრძნობდა".
მისი ინფორმაციით, ჩიკვაიძე ციხის საავადმყოფოში დღეს უნდა გადაიყვანონ.
პაპიაშვილი ექიმებზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს თავის ტვინის დაზიანება ჰქონდეს:
როგორც ვიცი, სახალხო დამცველი მუდმივად ამონიტორინგებს გიორგის მდგომარეობას - შედიან ხშირად. ჩემი ინფორმაციით, გუშინ კრიტიკულად დამძიმებული იყო, ფაქტობრივად ფეხებს საერთოდ ვეღარ გრძნობდა, ხელებზე სილურჯეები ჰქონდა, ადვოკატმა მითხრა, ხელზე რომ მოვკიდე გაყინული იყოო.
როგორც ვიცი, დღეს უნდა გადაეყვანათ ციხის საავადმყოფოში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული გადაიყვანეს თუ არა.
ჩვენი მოთხოვნა რჩება, რომ გიორგი უნდა იქნას გადაყვანილი ისეთ საავადმყოფოში, სადაც შედარებით მაღალტექნოლოგიური საშუალებები აქვთ გამოკვლევებისთვის, იმიტომ, რომ თვითონ პენიტეციურის ექიმები ამბობენ, რომ კრუნჩხვის შემდეგ სავარაუდოდ თავის ტვინში აქვს დაზიანება. თუ თავის ტვინში აქვს დაზიანება, ეს უნდა იქნეს გამოკვლეული მაღალი სტანდარტით"- აცხადებს პაპიაშვილი.
პატიმრის დედა, ეკა წერეთელი "პირველებთან ამბობს, რომ სიმპტომები, რომელიც გიორგი ჩიკვაიძეს აღენიშნება, "საგანგაშოა".
მე ვიცი, რომ ის სიმპტომები, რაც ახლა მას აქვს, ნამდვილად საგანგაშოა და კარგია, რომ ეს დაადასტურა სახალხო დამცველის აპარატმა, იმიტომ, რომ თვითონ ფრაზა, რომ მდგომარეობა საყურადღებოა, ამაში კიდევ ბევრი სხვა რაღაცაც იგულისხმება. მე იმედს ვიტოვებ, რომ ისისნი შეძლებენ გაუმკლავდნენ მის მდგომარეობას.
ვართ განწყობილი საბრძოლველად. ბოლო მისი სიტყვები იყო, რომ არ დათმობს, იშიმშილებს სადამდეც საჭიროდ ჩათვლის"- აღნიშნავს ჩიკვაიძის დედა.