აქტივისტი, რომელსაც არც ავტომობილი ჰყავს და არც მართვის მოწმობა აქვს, სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვის გამო დააჯარიმეს
ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვის ფინანსური სანქციის დაკისრებას განაგრძობს - ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია დააჯარიმეს.
ჟურნალისტის ძმას რუსთაველის გამზირის სატრანსპორტო საშუალებით გადაკეტვას ედავებიან, თუმცა ლაშა კაცია აცხადებს, რომ მას არც ავტომობილი ჰყავს და არც მართვის მოწმობა გააჩნია. ლაშა კაცია ამბობს იმასაც, რომ 8 მარტს საპროტესტო მსვლელობას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ფეხით მოუყვებოდა.
მედავებიან სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვას. გამიკვირდა, რადგან არც ავტომობილს ვფლობ, არც სატვირთოს, არც მოტოციკლს, არც ველოსიპედს. არაფერი სატრანსპორტო საშუალება არ გამაჩნია, მართვის მოწმობაც არ მაქვს და მინდა მაჩვენონ მასალები, რომელი სატრანსპორტო საშუალებით გადავკეტე რუსთაველი. რედისონთანაც გადაკეტილი იყო გზა და გადაკეტილი იყო თვითონ პატრულის მიერ და ამ ორი პატრულის, ბრჭყალებში ვთქვათ ტექსტს როგორ გავცდი, მე, ჩემი გამოგონილი სატრანსპორტო საშუალებით მეღიმება... არ გაგიკვირდეთ, რომ ერთ დღეს დაწერონ, რომ მდინარე "მტკვარი" ადიდდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კატერებით გადავკეტეთ რუსთაველი, არ გაგიკვირდეთ, მე არ გამიკვირდება." - განაცხადა ლაშა კაციამ.