შსს: 23 წლის კაცმა 25 ადამიანის ფეისბუკი გატეხა და მათს მეგობრებს თანხა გამოსძალა
დაკავება შიდა ქართლში - პოლიციამ ხელბორკილები დაადო 23 წლის ბიჭს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ,მოქალაქეების "ფეისბუქ ექაუნთი" გატეხა და მათი სახელით მინიმუმ 25 ადამიანს თანხა გამოსძალა.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული ი.ო. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
სამართალდამცველების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა-წერია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს.