სინდისის პატიმარი ციხიდან: ფონდიდან, ჩემთვის ჩარიცხული თანხა, იმ საყვარელი ბავშვის ჩაურიცხეთ, ჯართს რომ აგროვებდა

20.03.25 16:26
სინდისის პატიმარი ციხიდან: ფონდიდან, ჩემთვის ჩარიცხული თანხა, იმ საყვარელი ბავშვის ჩაურიცხეთ, ჯართს რომ აგროვებდა

სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი საპატიმროდან დას წერილს უგზავნის და საქველმოქმედო ფონდების დაყადაღებას ეხმაურება.

პოლიტიკური ტყვე ოჯახის წევრებს მიმართავს დაუკავშირდნენ ნანუკა ჟორჟოლიანს და ის თანხა, რომელიც ფონდიდან მას ჩაერიცხა, მათთვის გამოიყენონ, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

სინდისის პატიმარი "სხვა ნანუკაში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც მთავარი გმირი 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილია, რომელიც პირველი კლასიდან ჯართს აგროვებს და ხუთი წელია ეს არის მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი.

მინდა, ნანუკას დაუკავშირდე და ფონდებიდან რა თანხაც ჩამერიცხა ის თანხა გამოიყენო იმ საყვარელი ბავშვის დასახმარებლად, ჯართს რომ აგროვებდა. ჩემს სანაცნობოს და სამეგობროსაც მიაწვდინე ხმა! ვისაც რისი საშუალება ექნება მოაგროვეთ და ფონდების ანგარიშებზე გაანაწილეთ. ეს ოთხი თვე, რაც აქ ვარ სულ მედარდება იმ ადამიანების ბედი, ვისაც ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ესაჭიროებოდეს ჩემი სისხლი. თუ საჭირო იქნება გააზიარე ეს წერილი! დღეს, როდესაც ამ სიდუხჭირეში და ამხელა სოციალურ კრიზისში აყადაღებენ ფონდებს, რომელთა იმედზეც უამრავი ადამიანი იყო, ჩვენ ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ. მე აქ არ გამიჭირდება! გული დამეწვა მაგ ბავშვს რომ ვუყურებ. მოკლედ, შენი იმედი მაქვს. გავიხსენოთ თინეიჯერობა, როცა საქველმოქმედო პროექტებს წარმატებით ვაკეთებდით"- წერს პატიმარი.

ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ შემდეგი ფონდები დააყადაღა:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“. 

 

მსგავსი სიახლეები