პლედები და ბალიშები "დაპატიმრებულია" - გომელაურის პოლიცია ახალგაზრდების ჩხრეკაზეც გადავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდების პროტესტის ჩასახშობად ტერორის ახალ სერიას იწყებს - გომელაურის პოლიცია ადამიანების დაკავების შემდეგ, პლედების, საძილე ლეიბების და ბალიშების დაპატიმრებაზე გადავიდა. გვიან ღამით პარლამენტთან გაფიცული სტუდენტებისთვის მოქალაქეებს საჭირო ნივთები მიჰქონდათ, თუმცა გომელაურის პოლიციამ მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანა, ნივთები კი დააპატიმრა.
როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმს ახალგაზრდების უწყვეტი პროტესტი განსაკუთრებით აწუხებს, ამიტომ ახლა გადაწყვიტეს, რომ თუ ცივ ღამეში სტუდენტებს საძილე ტომრების გარეშე დატოვებენ, ამით პარლამენტთან პროტესტი დასრულდება და სიცივის შიშით, გაფიცული ახალგაზრდები დაიშლებიან. ახალგაზრდები ამბობენ, რომ გომელაურის პოლიციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული. ქუჩა-ქუჩა დაყვებიან ყველას, ვინც ახალგაზრდების პროტესტს მხარს უჭერს.
სტუდენტებზე ტერორის ახალი სერია დღეს დილიდან განახლდა. ირკვევა, რომ გომელაურის პოლიცია ყველას ამოწმებს, ვინც შეცდება და აქციის რომელიმე მონაწილესთან მიახლოებას გაბედავს. ზედაპირული დათვალიერების მოტივით, გოგონებს ჩანთებს უჩხრეკენ. ეძებენ, თუმცა რას, ამას ვერავინ ამბობს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.