საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. ირიბი მოლაპარაკებები გაიმართება - კელოგი
უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადებით, ამ კვირაში საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. ირიბი მოლაპარაკებები გაიმართება.
ABC News-თან ინტერვიუში კელოგმა თქვა, რომ საუდის არაბეთში ტექნიკური ჯგუფები გაემგზავრებიან. მოლაპარაკებებზე იქნებიან უკრაინაც და რუსეთიც, მაგრამ ამერიკელი წარმომადგენლები მათთან სხვადასხვა ოთახებში იმუშავებენ.
კელოგის თქმით, მოლაპარაკებებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკლ უოლცის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს, ასევე აშშ-ს პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორის მაიკლ ანტონის გუნდი დაესწრება.
ცნობისთვის, ორშაბათს, 24 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციების მორიგი შეხვედრა გაიმართება.