"მე მარტომ ვცემე"- 28 წლის კაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ალაპარაკდა

22.09.21 17:52
"მე მარტომ ვცემე"- 28 წლის კაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ალაპარაკდა

სასტიკი მკვლელობა მარნეულში - 28 წლის ჯავიდ ჩოვდაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ოსმან და ომან ტალიბოვების მეგობარსაც, რომელიც უმძიმეს ფაქტს შეესწრო და პოლიციას არ შეატყობინა. ეს უკანასკნელი დუმილის უფლებას იყენებს. 

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

 მკვლელობაში ბრალდებულმა ოსმან ტალიბოვმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ უმძიმესი დანაშაული მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა. 

საზარელი მკველობის ბრალდებით ძმები ტალიბოვები  სამართალდამცველებმა გუშინ  დააკავეს. ბრალდებულებს  გამოძიება 28 წლის ჯავიდ ჩოვდაროვის სასტიკ მკველობას ედავება. დანაშაულის მოტივი, პროკურატურის მტკიცებით, შურისძიება გახდა. 

"პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქმეში საუბარია მოკლულის მხრიდან სავარაუდოდ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე. 

საქმის პროკურორი, ლევან ჯალაღანიაც, ადასტურებს, რომ   მოკლულმა 17 სექტემბერს მის მეზობლად, სოფელ იფნარში, მცხოვრებ ახალგაზრდა ქალთან არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა. კერძოდ, მოკლულმა ჯავიდ ჩოვდაროვმა მკვლელობის წინა დღეს ქალს ნომერი სთხოვა, ქალმა კი ამის შესახებ მარნეულში მცხოვრებ მის ძმებს აცნობა.

შემთხვევიდან მეორე დღეს, ქალის ძმებმა ჯავიდ ჩოვდაროვი მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. "პირველების" ინფორმაციით, ის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებული ფერმის შენობაში, ხელებით და ფეხებით სასტიკად სცემეს, გაკოჭეს, სხვა სოფელში წაიყვანეს, სამშენებლო ბლოკები მოაბეს და არხში გადაადგეს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქალი, რომელთანაც ჩოვდაროვი არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა, მისივე თანასოფლელია. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ის სოფელში შვილებთან ერთად ცხოვრობს, მეუღლე კი მწყემსია და სეზონურად ხანგრძლივად სხვა რეგიონში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მოკლული ჯავიდ ჩოვდაროვის ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზად სხვა ვერსიას ასახელებდნენ. მათი თქმით, ჯავიდ ჩოვდაროვი მიკროავტობუსის მძღოლი იყო და ქალს მგზავრობის თანხის დავალიანების გადახდა მოსთხოვა და სწორედ ამის გამო მოხდა სასტიკი მკვლელობა.

  

მსგავსი სიახლეები