"უეცრად, თათიას სწვდნენ ხელით, ჩავეჭიდე მეც, პოლიციელმა თქვა, მიაყოლეთ ეგეცო და ორივე ჩაგსვეს მანქანაში" - თაკო გვილია

22.03.25 11:17
"უეცრად, თათიას სწვდნენ ხელით, ჩავეჭიდე მეც, პოლიციელმა თქვა, მიაყოლეთ ეგეცო და ორივე ჩაგსვეს მანქანაში" - თაკო გვილია

საპოლიციო ძალების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავებული ერთ-ერთი სტუდენტი თაკო გვილიაა - უწყვეტი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, გუშინ განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

თაკო გვილია "პირველებთან" ამბობს, რომ თავდაპირველად, პოლიციასთან სკამების საკითხს განიხილავდა, რა დროსაც უეცრად თათია აფრიამაშვილთან ერთად ხელი მასაც სტაცეს და დაკავების მანქანაში ჩატენეს.

"თათია აფრიამაშვილს სწვდნენ ხელით, ჩავეჭიდე მეც. თქვეს, მიაყოლეთ ეგეცო და ჩაგსვეს მანქანაში" - აცხადებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი. 

მიმდინარეობდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის ტერიტორიასთან სკამი აკრძალული ნივთი არ იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა. რამდენიმეწუთიანი დიალოგის შემდეგ, უეცრად, თათია აფრიამაშვილს სწვდნენ ხელით, ჩავეჭიდე მეც. თქვეს, მიაყოლეთ ეგეცო და ჩაგსვეს მანქანაში. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც დასდევენ ნივთებს. მათ უნდათ, რომ თავიანთი ქმედებებით არარსებული ძალის დემონსტრირება მოახდინონ". - განაცხადა თაკო გვილიამ. 

შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო. 

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, ახალგაზრდის ახლობლების ინფორმაციით, სტუდენტს წინასწარი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში დატოვებენ. 

მსგავსი სიახლეები