„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს პროკურატურით ემუქრება
დაიწყება თუ არა შურისძიების ახალი სერია ჟურნალისტების წინააღმდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრულა.
პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.
ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე შენ გეტყვი, არ არიან ეს ადამიანები შემჩნეული ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სასიცოცხლო ინტერესებს. ეს არის გლობალური სურათის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. ეს ფრაგმენტი მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე. ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენ კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვნენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა". - განაცხადა გია მურღულიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ჟურნალისტები მოვლენების გაშუქების დროს "პოლიტიკური ინტერესების შემოტანას" ცდილობდნენ.
"სპორტში პოლიტიკა შემოიტანა მელიქიძემ" - ირწმუნებოდა საზმაუს ბორდის წევრი, გიორგი კოხრეიძე.
სპორტში პოლიტიკა შემოიტანა მელიქიძემ და რითი დასტურდება. ერთი იყო წერილი, რომელიც უფლებას გაძლევს აჩვენო VIP ტრიბუნა და არა უკაცრავად, მაგრამ ქანდარაზე შემომჯდარი პრეზიდენტი. ვინ იპოვა ის, რომ პრეზიდენტი აჩვენა და ეს არ იყო VIP ტრიბუნა. ეს ფაქტი არის თუ არა პოლიტიკის შემოყვანა, რაც მან შემოიყვანა. მან რას ვერ გაუძლოთ იცით და რა ვერ აიტანა? განა ის, რომ ვინმე ერეოდა, არამედ ის, რომ იჯდა, დედას იგინებოდა თავისთვის და თავის ბოღმას გამოხატავდა, როგორც უნდოდა, ამის საშუალება მიეცა." - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.
ჟურნალისტებს, რომლებმაც პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკაში რეჟიმის ჩარევაზე ხმამაღლა ისაუბრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს წევრები იმასაც აბრალებენ, რომ რეპორტიორებს შესაძლოა პოლიტიკური პიარის სანაცვლოდ ფულიც ჰქონდეთ აღებული.
გამოვრიცხავთ ჩვენ, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარი იყო, რომელშიც შეიძლება ფული არის გადახდილი? ასეთ რაღაცებში დიდ ფულს იხდიან ზოგადად. მითუმეტეს ვიცით, ვისზეა ლაპარაკი და რომელ ჯგუფებზეა საუბარი. ეს აღარ არის მგონი ჩვენი საკვლევი". - განაცხადა საბჭოს წევრმა.
თქვენ შემთხვევით ხომ არ გინახავთ ის კადრი, სალომე ზურაბიშვილი რომ აჩვენა. თუ შენ არ იცი, ის სად ზის როგორ იპოვა 60 ათას კაციან სტადიონზე." - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.