"ოცნების" პარტიული ყრილობის მინი შეკრება იყო - ანდღულაძე საზმაუს სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე

"ოცნების" პარტიული ყრილობის მინი შეკრება იყო, - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ საზმაუს სამეურვეო საბჭოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მამუკა ანდღულაძის თქმით, პირველი არხის მენეჯმენტი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტია.
"შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები თანამშრომლების დაშინებას ემსახურება" - აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარემ.
პირველ რიგში, სოლიდარობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, ყველა ჟურნალისტს, რომელიც ერთგული დარჩა თავისი პროფესიისა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ვერანაირად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. უფრო მეტიც, "იბიუს" წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარისა და დირექტორის დასანქცირებას ითხოვს ევროპის პარლამენტი. ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის მოძალადე "ქართული ოცნების" რეჟიმის პროპაგანდისტი. რაც ჩვენ მოვისმინეთ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, ეს არის "ქართული ოცნების" პარტიული ყრილობის მინი შეკრება. ეს განცხადებები ემსახურება თანამშრომლების დაშინებას და პირდაპირ პროპორციულია იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება". - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრულა. პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.