ე.წ. მოწმე პოლიციელი ამტკიცებს, რომ მათე დევიძის მოქნეული ჯოხი მოხვდა, ხელი ცოტათი “შეუწითლდა“ და "ტკივილი განიცადა"

24.03.25 13:26
ე.წ. მოწმე პოლიციელი ამტკიცებს, რომ მათე დევიძის მოქნეული ჯოხი მოხვდა, ხელი ცოტათი “შეუწითლდა“ და "ტკივილი განიცადა"

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს. პროევროპული აქციების მონაწილე ახალგაზრდას პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.

საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ე.წ. დაზარალებული პოლიციელი აძლევს. ლევან კოდალაშვილი მოსამართლეს არწმუნებს, რომ აქციაზე დევიძის მოქნეული ჯოხი მოხვდა, ხელი ცოტათი “შეუწითლდა“ და ტკივილი განიცადა.

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, ვიცავდი წესრიგს - მცირე რაოდენობა ადამიანების კეტავდა გზას და მოვუწოდებდით გაეთავისუფლებინათ. შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ცოტა დაიძაბა ვითარება.. მელიქიშვილის მხრიდან დავინახე რომ მორბოდა გრძელთმიანი ხუჭუჭა ბიჭი ჯოხით ხელში, რომელიც რამდენჯერმე მოიქნია და მეც მომხვდა. ერთ-ერთი პოლიციელი ჟამერაშვილი გაეკიდა  და (ბრალდებულმა) ჯოხი გადაამტვრია. ჯოხი ჩამარტყა მარცხენა ხელის მტევანზე. ცოტათი მქონდა შეწითლებული. ისეთი დაზიანება არ ყოფილა რომ სამედიცინო დაწესწბულებაში წავსულიყავი. (ტკივილის განცდა გქონდათ?) - რა თქმა უნდა ამხელა ჯოხს რომ ჩაგარტყავენ“,-თქვა კოდალაშვილმა.

საქმეში არ არსებობს არც ექსპერტიზის დასკვნა და არც დაზიანების ამსახველი ფოტო მტკიცებულება. გამოძიება ახლა პატიმრის იმ მობილურ ტელეფონზე ითხოვს წვდომას, რომელიც ევროპული  მომავლის მცველს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ჰქონდა.

კოდელაშვილის ჩვენება არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის დაზარალებული, ფლობს ინფორმაციას, რა მოხდა დანაშაულის ჩადენის დღეს და მის მიმართ როგორ განხორციელდა ძალადობა. რაც შეეხება მობილურ ეტელეფონს- წინა სასამართლო სხდომებზე წარმოვადგინეთ ტეელფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. რადგან, ბრალდებული, ამ ეტაპზე, არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას, ნებისმიერი ფაქტი, ამქთ შორის ის, რომ იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ეეც არის მნიშვნელოვანი დასადასტურებელი ბრალდების მხარის მხრიდან, შესაბამისად, მის ტელეფონში ასახული ინფორმაცია ადასატურებს იმას, რომ ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ნებისმიერი დეტალი, რომელიც შეიძლება შემხებლობაში იყო სისხლის სამართლის საქმესთან, ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს და სასამართლომ გამოიკვლიოს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ანა ხუბეჯაშვილმა.

დევიძის ადვოკატი ამბობს, რომ დღეს წინა სხდომაზე წარმოდგენილი სატელეფონო მიმოწერა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მობილურიდან ამოიღეს, პირადი ინფორმაციის შემცველია და საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

ის რომ წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მათე დევიძის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, დაცვის მხარემ მოვითხოვეთ დრო გასაცნობად და პოზიციის წარმოსადგენად, დღეს წარმოვადგენთ პოზიციას. არის აბსოლუტურად პირადი სახის მიმოწერა და ვიდეოჩანაწერები, რომებიც საქმესთან არავითარ შემხებლობაში არ არის“, -   ამბობს ადვოკატი, ნატო ჯეჯილაშვილი.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.