პაპუაშვილი ევროკავშირისგან ფულს ითხოვს
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისგან ფულს ითხოვს - "ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ნოემბრის აქციების დროს აქციის მონაწილეების "ძალადობრივი ქმედებების" შედეგად, პარლამენტს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
მისი მტკიცებით, ევროკავშირმა წაახალისა ძალადობა და ახლა "დაზიანებული ინვენტარის" აღსადგენად ფული სწორედ მათ უნდა გამოჰყონ:
თითქმის სრულად იქნა დაზიანებული პარლამენტის პირველი სართულის ოთახები. ასევე, სხვადასხვა დანადგარები იქნა დაზიანებული. ასევე მთლიანად იქნება საბოლოოდ შეფასებული და ვნახავთ, ზიანი რა არის. ფაქტობრივი ზიანი უკვე არის 100 ათას ლარზე მეტი, რაც ზიანის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯები და ასევე სხვადასხვა აღჭურვილობა, ინვენტარი, რომელიც დაზიანებული იყო, ამ ზიანის შეფასება ხდება და ვვარაუდობთ ჩვენ, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდეა ზიანი, რაც მოგვადგა.
ამიტომ, მე მინდა, მივმართო იმ ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც მშვიდობიან აქციას ეძახდნენ ამას, ამ დღეებში გვესმოდა, რომ ფული უნდა გამოვყოთო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ რადიკალიზმის ორგანიზატორები იყვნენ მათ შორის და ხომ არ იფიქრებდნენ, რომ ამ თანხიდან ნაწილი მაინც აიღონ და დაფარონ ის ზიანი, რომელიც მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების გამო მიადგა საქართველოს პარლამენტს. მათ მიერ წახალისებული იყო ეს ძალადობა, იმიტომ, რომ არ გმობდნენ და საკუთარი დუმილით ახალისებდნენ ამ ძალადობას და ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობაა, რომ აუნაზღაურონ ქართველ ხალხს ეს ზიანი, - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, სინდისის პატიმრების საქმეში რეჟიმმა პარლამენტი დაზარალებულ მხარედ სცნო.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 17 იანვარს გამოიკითხა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, რომრლიც ჩვენებაში წერს, რომ აქციით მონაწილე მხრიდან დაზიანებულ ან განადგურებულ იქნა პარლამენტის ბალანსზე არსებული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.
შენობაში, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს, სპეცრაზმი იყო გამაგრებული, ამტკიცებენ, რომ კონდინციონერი და ფარდები დაზიანდა.