თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის პოლიციის მაღალჩინოსანს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

23.09.21 11:16
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის პოლიციის მაღალჩინოსანს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ცნობილია - თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გრიგოლ ვატიტაძემ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ზანდარაშვილის ადვოკატის თქმით, მათი მოლოდინი იყო, რომ სასჯელი მინიმალური იქნებოდა. 

საქმეში არსებული მტკიცებულებები გაზიარებული არ იქნა. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ ვეთანხმები, ჩვენ გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას", - ამბობს ადვოკატი. 

პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 7 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

ბრალის მიხედვით,  გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, საავადმყოფოს დირექტორს შურისძიების მოტივით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენჯერმე ესროლა.