ბათუმელი მედროშე არაადამიანურ მოპყრობაზე ალაპარაკდა - რა თქვა სასამართლო პროცესზე თემურ ქათამაძემ

ბათუმელლი მედროშე, თემურ ქათამაძე "ვივა-მედის" დირექტორისთვის, ნინო ნადირაძისთვის, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ისე ფეხის მოქნევას უარყოფს.
განცხადება ქავთარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც პროცესი მიმდინარეობს.
არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო - მე, უბრალოდ, „ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზედაც ყვირილი დაიწყო [ნადირაძემ]. სამი ადამიანია მოწმე... ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი. სულ წყნარი ვიყავი, ხმისთვის არ ამიწევია, ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, - განაცხადა ქათამაძემ.
დღეს ბათუმელმა მედროშემ მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა - თემურ ქათამაძის თქმით, სწორედ მკურნალობის მეთოდზე მოხდა უკმაყოფილება პაციენტსა და “ვივა მედის“ დირექტორს ნინო ნადირაძეს შორის.
ქათამაძე ამბობს, რომ მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდი არ იმართება შესაბამისი პროტოკოლით. ასევე, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც დაგეგმა მიგრაციის დეპარტამენტმა და მასში მონაწილეობდა "ვივა მედიც".
ქათამაძე მოწმეების გამოკითხვას ითხოვს და მოსამართლეს მიმართავს, მოწმის სახით სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ნინო სულამანიძე მოიწვიონ, რომელიც მისი თქმით, მომხდარ ინციდენტს შეესწრო და ასევე, "ვივა მედიდან" გამითხოვონ შინაგანაწესი და პაციენტთან მოქცევის დებულება.
თუ არ ვცდები, 18 დღეა, რაც გამომწერეს ვივა მედიდან და წამოღებული მაქვს 5 ცალი კვების კონტეინერი და ქილა მაწონი. ეს არის ის კვება, რასაც მაწვდიან და მე მაქვს პრეტენზია, რომ ეს არ არის სათანადო მართვა შიმშილობის შემდეგ პროცესის მართვისთვის. განსაკუთრებით ადამიანის, ვინც 48 დღე ვშიმშილობდი და ამ კვებამ გავლენა იქონია ჩემს ჯანმრთელობაზე.
მე მინდა, ასევე წარმოვადგინო ჩემი განცხადების ასლი, მიგრაციის დეპარტამენტში შეტანილი, სადაც ასახულია ამ 5 კონტეინერის შემადგენლობა, სახეობები და სხვა დეტალები", - თქვა სასამართლო პროცესზე ქათამაძემ.
ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.