ხმაური მათე დევიძის პროცესზე - მოწმე პოლიციელები სასამართლოდან შეძახილებით გააცილეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესზე ხმაური იყო. გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათეს ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.
უსამართლოდ იქცევიან მოსამართლე, პროკურორი, ცრუ მოწმეები, ესეთ ტყუილებს როგორ ამბობენ, რომ ბავშვი 7 წელი ციხეში უნდა გაუშვან, არ ეცოდებათ? ჩახედონ თავიანთ შვილებს თვალებში" - ამბობს მათეს ბებია.
მოწმე პოლიციელები სასამართლოდან პროტესტით გააცილეს. “ბიძინას მონებო“ - ეს შეძახილები ისმოდა ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში.
მათე დევიძემ გომელაურის უწყების თანამშრომლები მოსამართლის წინაშე ამხილა. ირკვევა, რომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულს სთხოვდნენ, დანაშაული სხვაზე დაებრალებინა, თავად კი სასჯელს შეუმსუბუქებდნენ.
გამომძიებელი ბაქარ გუნაჩაძე ამბობს, რომ მსგავსი სახის დიალოგზე ინფორმაციას არ ფლობს და თუ კი ვინმე მათეს შესთავაზებდა მსგავს რამეს, ის აუცილებლად საქმის კურსში იქნებოდა.
მე მას შევთავაზე, ვინმემ ხომ არ უბიძგა დანაშაულის წახალისბისკენ, ასეთი ფორმულირებით, რაზედაც მან მიპასუხა, რომ არა, ეს დანაშაული მან თავისი გადაწყვეტილებით ჩაიდინდა და აღელვების ფონზე შევარდა პოლიციელებში, მოიქნია ჯოხი და რამდენიმეს მოარტყა“, - ამბობს გუნჩაძე.
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.