მაღაროელები უწყვეტ აქციებს აანონსებენ - მსვლელობამ კოსტავას გამზირზე გადაინაცვლა

24.03.25 17:41
მაღაროელები უწყვეტ აქციებს აანონსებენ - მსვლელობამ კოსტავას გამზირზე გადაინაცვლა

მაღაროელების  აქცია  ამჯერად კოსტავას ქუჩაზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინ გრძელდება - ისინი  უწყვეტ აქციებს აანონსებენ თუ "ქართული ოცნება" ჯორჯინ მანგანეზთან" არ შეწყვეტს ხელშეკრულებას და თანამშრომლებს სამ თვის სახელფასო დავალიანებას არ გადაუხდის. 

  • მაღაროელები უკვე 25 დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ, ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით.

მაღაროელები "საზოგადოებრივი მაუწყებლისგან" ეთერის დათმობას ითხოვენ, რომ მათი პირობები სრულყოფილად იქნას გაჟღერებული. მათივე შეფასებით, წინა გადაცემაში მიწვეულმა პროფკავშირებმა მაღაროში დასაქმებულთა ინტერესები არ გამოხატა. 

მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში დღეს ჩამოვიდნენ. ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ, აიღოს მაღაროს მუშაობაზე პასუხისმგებლობა. 

მაღაროელებს სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, რომელმაც თემაზე განცხადება გაავრცალა. 

SJC აღნიშნავს, რომ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზს’’ მაღაროელებისათვის ამ დრომდე არ გადაუხდია ბოლო ორი თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება, „რაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა და საგანგაშო პრობლემებს წარმოქმნის მაღაროელებისა და მათი ოჯახებისთვის“.

მაღაროელების სასწრაფო მოთხოვნებია, დაუყოვნებლივ მიიღონ კუთვნილი ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება, ასევე დაპირებული ხელფასის ჩარიცხვის გარდა, მაღაროელების მოთხოვნებია:

  1. მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
  2. შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
  3. მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
  4. ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
  5. უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.

„კომპანია არღვევს დასაქმებულებთან გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ისეთი სახის იძულებითი მოცდენის შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოწვეული დასაქმებულის და დამსაქმებლის ბრალით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულებს გადაუხადოს შრომითი ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 60%. […]

მასობრივი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მშრომელებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს. ,,დასაქმების შეწყვეტის შესახებ’’ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი განიხილავს დასაქმების შეწყვეტას ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სტრუქტურული ან სხვა მსგავსი სახის მიზეზებით, მან კონსულტაციები უნდა გამართოს მშრომელების წარმომადგენლებთან და მისცეს მათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა მეშვეობით მასობრივი გათავისუფლება შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული ან შემცირებული”, – წერს SJC.

ორგანიზაცია მოუწოდებს კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზს’’:

  • დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს კომპანიაში დასაქმებულ პირებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება;
  • გამოაქვეყნოს ექსპორტთან, შემოსავლებთან, მოგებასთან და სხვა პროცესებთან დაკავშირებული მონაცემები, რომელიც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას ობიექტურად შეაფასოს კომპანიაში არსებული მდგომარეობა;
  • შეწყვიტოს მაღაროელების მასობრივი გათავისუფლების პროცესი.

შრომის ინსპექციის სამსახურს:

  • რეაგირება განახორციელოს ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული პირების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან, მათ შორის, შრომის ანაზღაურების დაგვიანებასთან და მასობრივი გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობას:

  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჭიათურაში არსებული სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად;
  • ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივი დიალოგისა და კონსულტაციის შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს.