რას ითხოვდნენ პოლიციელები სინდისის პატიმრისგან და რა ჩვენების საფუძველზე ემუქრება 21 წლის ბიჭს შვიდ-წლიანი ციხე?

24.03.25 20:03
რას ითხოვდნენ პოლიციელები სინდისის პატიმრისგან და რა ჩვენების საფუძველზე ემუქრება 21 წლის ბიჭს შვიდ-წლიანი ციხე?

გარიგების მცდელობა სინდისის კიდევ ერთ პატიმართან - რეჟიმი ეძებს კომპრომატებს და ჩვენებებს ოპოზიციის ლიდერების დასაკავებლად. მათე დევიძეს სთავაზობდნენ, რომ თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ხელს დაადებდა, მას სასჯელს შეუმსუბუქებდნენ.

ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მათე დევიძის დაკავების ეპიზოდში კადრებში ჩანს, ნიკა მელიაა. მაღალი ალბათობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის კვალზე ცდილობდა გასვლას, თუმცა ეს ვერ შეძლეს. 

მოწმე, რომელიც დღეს პროკურატურამ სასამართლოში მიიყვანა, საქმის გამომძიებელი, ბაქარ გლუნჩაძეა. სწორედ მან დაადო ხელბორკილები დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზოში მათე დევიძეს, რომელიც ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ საპატიმროს ტოვებდა. დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ გამოკითხვის დროს ბაქარ გლუნჩაძის კოლეგებმა 21 წლის აქტივისტს შესთავაზეს ჩვენებაში ეთქვა, რომ პოლიციელებს თავს ვიღაცის დავალებით დაესხა, ამის სანაცვლოდ კი სასჯელს შეუმსუბუქებდნენ.

"ბიძინას მონებო" - ამ შეძახილებით გააცილეს სასამართლო დარბაზიდან ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც მათე დევიძემ განსასჯელის სკამიდან ამხილა. კიდევ ერთი პოლიციელი, რომლის ჩვენების საფუძველზეც მათე დევიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დავით კოდალაშვილია. მას სინდისის პატიმრის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი იმის გამო მიანიჭეს, რომ აქტივისტის მოქნეული დროშის ტარი მარცხენა ხელის მტევანზე მოხვდა და როგორც თავად ამბობს, ოდნავ შეუწითლდა.

დაზიანება იმდენად მსუბუქი იყო, რომ ე.წ. დაზარალებულს არც ექიმისთვის მიუმართავს და არც ექსპერტიზა ჩატარებია. მიუხედავად ამისა, დღეს პროკურატურამ კოდალაშვილი სასამართლოში მიიყვანა და ათქმევინა, რომ მათეს მოქნეული ჯოხით ტკივილი განიცადა.

ცრუ მოწმეები სინდისის პატიმრების საქმეში - დეტალები ვრცლად ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში ნახეთ.