ხალხის წამების საქმეები თაროზე შემოდეს - არცერთი ჯალათი დასჯილი არ არის
სისხლიანი ნოემბრიდან ოთხი თვის შემდეგაც, კარლო კაციტაძის უწყება სრულ მდუმარებაშია. საგამოძიებო სამსახურის შეფი გაუჩინარებულია. 400 ნაწამები მოქალაქე და არც ერთი გახსნილი საქმე. ყველა გონივრული ვადა ამოიწურა, თუმცა ხალხის ცემის, წამების, დამცირების არც ერთი შემთხვევა რეჟიმს არ გაუხსნა. ჯალათები, რომლებმაც მშვიდობიან დემონსტრანტებს სახის ძვლები დაულეწეს, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან.
ხელშეუხებელი მოძალადეები რეჟიმმა იქით დაზარალებულად გამოაცხადა და "ხარებას" დანაყოფს ეს სტატუსიც კი მიანიჭა, თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ფარდების და ფარდა-ჟალუზების შებღალვაც აქციის მონაწილეებს დააბრალა. ის ამტკიცებს, რომ შენობაში, სადაც სპეცრაზმი იყო დაბანაკებული, პარკეტი და ფარდები გარედან აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამიტომ ახლა ის ფულს ევროკავშირისგან ითხოვს.
"ქართული ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მკვლელობის მცდელობა. მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, გურამ როგავაზე თავდასხმიდან, თითქმის, ოთხი თვე გავიდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნები საქმეში არ დევს. კადრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაიგზავნა, რომ დადგინდნენ, ვინ ვინ არის, თუმცა სახელმწიფო ექსპერტიზა დასკვნას აჭიანურებს და გამოძიებაც დაპაუზებული აქვს. "ტვ პირველის" იურისტებმა არაერთი მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომ კარლო კაციტაძე მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებს ხელს უწყობდა და რომ მტკიცებულებები გაენადგურებინათ, ამ ფაქტებს სააშკარაოზე მალე ნახავთ.
რეჟიმის გამოუძიებელი საქმეები - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.