კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება 2026 წლამდე გადადო

25.03.25 00:18
კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება 2026 წლამდე გადადო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია "მომავალი წლისთვის" გადაიდება.

კალაძემ მიზეზად "ჩატარებული კვლევები" დაასახელა. მისი თქმით, "საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი მიწის ქვემოთ", რაც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ "დედაქალაქში დიდ პრობლემებს გამოიწვევს".

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე სიახლეები გვაქვს - გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მიწის ქვემოთ. მიწის ქვემოთ არის ერთი კოლექტორი, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემებია მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემაა, ყველაფერი არეულია ერთმანეთში. არის ავარიულ მდგომარეობაში და ის, რაც მოედინება, ყველაფერი ერთად არეული ატარებს და გარკვეულ შენობებს უქმნის პრობლემებს.

შესაბამისად, მისი დემონტაჟი გარკვეულ ვადასთან და დროსთან არის დაკავშირებული. ვვარაუდობდით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 თვე დასჭირდებოდა და ვაპირებდით მაისის ბოლოს დაწყებას, თუმცა, ამ ეტაპზე, მოგვიწევს, რომ მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და დიდი ხნით მისი დაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში და ძალიან დიდ დისკომფორტს, ამიტომ, მომავალი წლისთვის გადაიწევა სამუშაოები", - თქვა კალაძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.