გიორგი ჩიკვაიძე საკუთარ სასამართლოზე არ მიიყვანეს

საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის პროცესი იწყება. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, გიორგი ჩიკვაიძე მზად იყო, პროცესს დასწრებოდა, თუმცა მისი სასამართლოში გადაყვანა არ მოხდა. ამასთან დაკავშირებით უწყება არც რაიმე განმარტებებს აკეთებს.
პროცესი 12:00 საათზე იწყება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩართავენ თუ არა მოშიმშილე პატიმარს სხდომაზე დისტანციურად.
ჩემთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ ვერ ხერხდება გიორგის ეტაპირება საბადრაგო სამსახურის მხრიდან, შესაბამისად, გიორგის მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად დასწრებოდა მის სასამართლო პროცესს, თუნდაც ის გამოცხადებულიყო საკაცით, ეტლით, არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. მისთვის უმთავრესია, მიიღოს მონაწილეობა ამ სხდომაზე. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, უნდა დაიკითხოს პროცესზე და შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გიორგი გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე და მოხდეს მისი ეტაპირება. უკვე დღეს იმ ეტაპზე ვიყავით, როცა გიორგი მზად იყო, ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, მოხდება მისი ჩართვა თუ არა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, - ამბობს ადვოკატი, თემურ ადონია.
ჩიკვაიძესთან ერთად დღეს მისი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილიც უნდა გამოიკითხოს. პაპიაშვილი ამბობს, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გადაადგილება უჭირს და რამდენიმე დღის წინ კრუნჩხვაც კი ჰქონდა.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
ვერ გადაადგილდება, დაახლოებით 8 დღის წინ ჰქონდა კრუნჩხვა, რის შემდეგაც მარცხენა თვალში მხედველობა დააკლდა, მარცხენა ფეხი წაერთვა და ეტლის გარეშე მისი გადაადგილება შეუძლებელია. განცხადებაში თქვა, რომ ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი საშუალებით, იგი უნდა მიიყვანონ სასამართლოზე.
მოლოდინებს რაც შეეხება, ამ სასამართლოს პირობებში მოლოდინები ვერ გვექნება, იმიტომ, რომ ეს არის ცირკი და წარმოდგენა და ჩვენთვის ყოველი სასამართლო პროცესი არის სიურპრიზი. ვხედავთ რა პირობებში და როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ესეც იქნება ერთი სტანდარტული სასამართლო პროცესი, როგორიც ყველა, - ამბობს პაპიაშვილი.
სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავს გიორგი ჩიკვაიძის დედაც.
მე აუცილებლად ვიქნები, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მენატრება ჩემი შვილი და მინდა ვნახო, რა მდგომარეობაშია. მოლოდინებს რაც შეეხება, მოლოდინი არანაირი არ მაქვს. ეს იქნება უნისონში მოქმედი პროკურატურა და მოსამართლე, ამიტომ ახალს არაფერს ველოდები სასიკეთოს, - ამბობს ეკა წერეთელი.