კაცი, რომელიც წულუკიანმა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დასაკითხად მიიყვანა, ქონებას "ოცნების" პირობებშიც ვერ იბრუნებს

25.03.25 13:28
კაცი, რომელიც წულუკიანმა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დასაკითხად მიიყვანა, ქონებას "ოცნების" პირობებშიც ვერ იბრუნებს

კაცი, რომელიც დღეს თეა წულუკიანმა პარლამენტში "ძლიერი საქართველოს" ლიდერების წინააღმდეგ დასაკითხად მიიყვანა, ამტკიცებს, რომ 12 წელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია.

კომპანია "მაგნატის" მფლობელის, ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის მტკიცებით, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, სასამართლოდან პროკურატურაში, პროკურატურიდან კი სასამართლოში აგზავნიან, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მოვლენები "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი სცენარით მას შემდეგ განვითარდა, რაც დაკითხვაზე მისულმა ჯემალ ლეონიძემ  -კახი კალაძის მხილება დაიწყო და თქვა, რომ კალაძე მის კუთვნილ ქონებას წლებია არ უკანონებს.

მე ყველაფერზე ვისაუბრე -დღევანდელი პროკურატურის, სასამართლოს და კახა კალაძის მიმართ, რა ხდება დღეს ჩემნაირი მსგავსი ეპიზოდების დაუმთავრებლობის გამო.

არცერთი ჩემი საქმე დამთავრებული არ არის, იმიტომ, რომ, იმიტომ. ანუ ის ეპიზოდები, რომლებიც მე მაქვს სასამართლოში ცალკე, პროკურატურაში ცალკე, არცერთი დამთავრებული არ არის, იმიტომ, რომ ვამბობ - არ მუშაობენ! მე მტკიცებულება მაქვს. მაშინ მითხარი, რომ „შენ არ ხარ მართალი“.

მე საომარი და გასარკვევი ხაზარაძესთან და ჯაფარიძესთან არაფერი მაქვს.  მინდა, რაც მე მტკიცებულება დავდე, რაც მე ქაღალდზე ნაწერი პროკურატურას მივაწოდე, იმ საქმეში პროკურატურამ დადოს დასკვნა - "მე ვარ მართალი და ხაზარაძე არ არის დამნაშავე - ხელებს ავწევ". იქაც ვთქვი, მე რა მინდა პიროვნულად ხაზარაძესთან, ჯაფარიძესთან?! შიშის და ხათრის გამო კი არა, ადამიანურად. თუ ის კონკრეტული ეპიზოდები, რაზეც მტკიცებულება აქვს პროკურატურას, დასტურდება - პასუხი აგოს, თუ არ დადასტურდება, მე მოვიხდი ბოდიშს, - თქვა დღეს ჯემალ ლეონიძემ. 

ცნობისთვის, წულუკიანის კომისია ბიზნესზე სავარაუდო ზეწოლის საქმე განიხილავს. 

 საუბარია, შპს “მაგნატის“ საქმეზე - "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს კითხვები ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძეს დაუსვეს, რომელიც ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო.

ბიზნესმენი ამბობს, რომ წინა ხელისუფგლების დროს, მას ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. 

სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას უკვე მიმართა.