ე.წ. ქურდული გარჩევა ბაზრის რეკეტისთვის - ხმაურიან სპეცოპერაციას ქუთაისში დაპირისპირება მოჰყვა
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - პროტესტის ეპიცენტრი ე.წ. ნიკეას ბაზრის მფლობელის სახლი იყო, სადაც მოვაჭრეები მივიდნენ და ვოვა თუთისანთან შეხვედრას ითხოვენ.
მოვაჭრეების პროტესტი სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციას მოყვა, როდესაც გომელაურის უწყებამ იმერეთში 7 პირი აგრარული ბაზრის მფლობელის დატერორების ბრალდებით დააკავა.
გუშინ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ანზორ კახიძეა და სწორედ ამ უკანასკნელის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ მოვაჭრეები და ბრალდებულის ახლობლები ნიკეას ბაზრის მფლობელის სახლის წინ.
ზურაბ რუხაია და ვოვა თუთისანი ე.წ. კრიმინალური სამყაროს მეშვეობით ჩვენს დაშინებას და ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ბაზარში მომუშავე ადამიანებზე, "ქურდული სამყაროს" წევრების მხრიდან ყოველდღიური ტერორი ხორციელდება.
მილიონობით ლარი აქვთ "ქურდებისთვის" გადახდილი და აქით გვაბრალებენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს. არ გვეშინია "ქურდების" - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
გამოძიების ინფორმაციით, ე.წ ქურდული გარჩევა ბაზრის ბიზნესისთვის იმერეთში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდის, ვარლამ კუხიანიძის გარემოცვის წევრები არიან, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მეწარმეებს ატერორებდა.
საქმის მასალების თანახმად, მიზანი ქუთაისის ბაზრის გაკოტრება იყო, რადგან ე.წ. "ვატიას" საძმომ ბაზარი წყალტუბოში გახსნა, მაგრამ კონკურენციას უკვე მომუშავე ობიექტს ვერ უწევდა.
რეკეტის საქმეში გამოძიების მტკიცებით, საბერძნეთიდან მონაწილეობდა კანონიერი ქურდი "ვატია", რომელიც დავალებებს ტელეფონით გასცემდა.