4 თვეა ველოდებით, რომ საქმემ წინ წაიწიოს, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულები არ არსებობს-ანდრო ჭიჭინაძე
სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 დაკავებულის საქმის განხილვა ამ წუთებში ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
როგორც სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჭიჭინაძემ განაცხადა, “4 თვეა ელოდებიან, მაგრამ საქმე წინ არ მიდის და მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.“
მსახიობმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინ ამ დრომდე მათ მიმართ სოლიდარულია.
ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას იმ მტკიცებულებებისთვის, რაც წარმოადგინეს. აბსოლუტურად ყველა მათი "მტკიცებულება" ჩვენ წისქვილზე ასხამს წყალს.
ძალიან დიდი იმედი მქონდა და მაქვს, რომ გამოკითხვის ოქმები, რაზეც ადვოკატებმა ილაპარაკეს, გვეტყვიან, რატომ უნდა იყოს ჩვენს საქმეში გამოკითხვის ოქმები თანდართული, რადგან არც ერთი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩემს გვერდით არის წარმოდგენილი, არ არის ნახსენები.
4 თვეა ველოდებით რაღაცას, რომ საქმემ წინ წაიწიოს და არაფერი არ ხდება, ჩვენს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულები არ არსებობს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში სოლიდარული არის ჩვენს მიმართ რა სოლიდარობაც დღეს, ბოლო პერიოდში, ერთმანეთის მიმართ გაჩნდა... ადამიანებმა როგორ სხვანაირად დაინახეს ერთმანეთი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მშენებლობისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას, ვისაც ეს შინაგანი სოლიდარობის გრძნობა აქვს,- თქვა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ:
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.