მოსამართლე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა - რას ამტკიცებდა პროცესზე დეტექტივი და რა ჩვენება მისცა ექსპერტმა

27.03.25 13:52
მოსამართლე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა - რას ამტკიცებდა პროცესზე დეტექტივი და რა ჩვენება მისცა ექსპერტმა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა - დღევანდელ პროცესზე სინდისის პატიმრის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ბრალდების მხარე კვარაცხელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ისევ ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი, მის გაუქმებას ითხოვდა.

  • კვარაცხელიას რეჟიმი პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.

დღევანდელ სხდომაზე 2 მოწმე - სახანძრო ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი დეტექტივი გამოიკითხა.

პროცესზე დეტექტივი ამტკიცებდა, რომ სინდისის პატიმარი ანრი კვარაცხელია ფოტოსურათით ამოიცნო.  ალექსანდრე სონიძ ირწმუნებოდა, რომ ანრი კვარცხელია წარსულში მეტროს ტერიტორიაზე გადამოწმების მიზნით ჰყავდა შეჩერებული და მისი სახე იმდენად დაამახსოვრდა, რომ ერთი თვის თავზეც კი მისი გახსენება არ გაუჭირდა, თუმცა, როდესაც დეტექტივს ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ჰკითხა, აღნიშნულ ფოტოებზე და ვიდეოებზე, რომელიც მას გადაუგზავნეს, ჩანს თუ არა რომ ბრალდებულს ხელში "მოლოტოვის კოქტეილი" ან რაიმე ნივთი უჭირავს, დეტექტივმა თქვა - არა. 

  • ადვოკატი ამბობს, რომ დეტექტივის ჩვენება, რომელიც რეალურად პროკურატურის სასამარგებლო უნდა ყოფილიყო, დაცვის მხარის სასარგებლო აღმოჩნდა. 

რაც შეეხება სახანძრო ექსპერტს - კობა ანდრიაძის ინფორმაციით, მან კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარა მინის ბოთლს და მასში არსებულ სითხეს.

მისი მტკიცებით, დადგინდა, რომ ეს ცეცხლგამჩენი ნივთიერება ე.წ მოლოტოვის კოქტეილი იყო და ის კუსტარულად იყო დამზადებული.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული მომიტინგის პროცესს დღეს დანიის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლას ედავება. 

ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება