სასამართლოში გამოიკითხა შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელმაც, სავარაუდოდ, სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა მოისმინა

27.03.25 16:53
სასამართლოში გამოიკითხა შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელმაც, სავარაუდოდ, სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა მოისმინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.

  • პროკურატურა ამტკიცებს, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, სახის არეში აღენიშნებოდა მძიმე დაზიანება. 

სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილემ, მიხეილ სუჯაშვილმა მისცა ჩვენება.

  • ბრალდებულის განცხადებით, სწორედ სუჯაშვილია ერთ-ერთი პოლიციელი, რომლის თანდასწრებითაც დასავლეთიდან თბილისისკენ ტრანსპორტირებისას მანქანაში მის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მუქარა განხორციელდა.

მოწმე პოლიციელი დღეს სასამართლოს უმტკიცებდა, რომ პირადად დაინახა, როგორ ჩაარტყა სხვიტარიძემ მირიან ქავთარაძეს ხელი, თუმცა ვერ გაიხსენა მისი კაბინეტი ლიფტიდან მერამდენეა.

4 დეკემბერს ვიმყოფებოდი თბილისში თავისუფლების მოედანზე, მერიოტის ტერიტორიაზე. მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, აქციის მონაწილეების ნაწილი იყვნენ აგრესიულები. ერთ-ერთი აქციის მონაწილე გახდა აგრესიული მირიან ქავთარაძის მიმართ, ჩაარტყა ხელკეტი, რის გამოც მირიან ქავთარაძე მოხვდა საავადმყოფოში.

ასევე ადგილზე იყო მიხეილ წიკლაური და ლუკა ჯინჭარაძე. აქციის მონაწილეები გვაყენებდნენ შეურაცხყოფას და გადმოვიდნენ ფიზიკურ აგრესიაზე. მე პირადად სამსახურებრივი მოწმობა არ მიჩვენებია მაგრამ ხმამაღლა ვთქვი რომ ვიყავი პოლიციის თანამშრომელი.

მირიან ქავთარაძეს 2 ჯერ ან 3ჯერ ჩაარტყა, ცდილობდა, მეტჯერ ჩაერტყა თავის არეში. სისხლი წამოუვიდა თავიდან. მირიან ქავთარაძე იდგა ჩემს გვერდზე და სხვიტარიძე იდგა 2-3 კაცით უკან, საიდანაც გადმოძვრა და ურტყამდა. საბა სხვიტარიძე ვნახე მაშინ, როდესაც მოგვყავდა გორიდან. ლუკა ბერუაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ სხვიტარიძე უნდა გამოცხადებულიყო მოწმის სახით. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ის ზესტაფონის ტერიტორიაზე იყო", - თქვა სუჯაშვილმა. 

აღნიშნული სიტყვის შემდეგ სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახიშვილმა მოწმე პოლიციელს კითხვები დაუსვა: 

ადვოკატი: საბა სხვიტარიძე ამბობს, რომ მას გზაში ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ეს ინფორმაცია არ მიაწოდეთ დაკავების ოქმის შემდგენ სალომე ედიშერაშვილს?

მოწმე პოლიციელი: არა.

ადვოკატი: საბა სხვიტარიძეს შეუძლია ამოიცნოს თქვენი კაბინეტი. თქვენ და მირიან ქავთარაძე ხომ ორივე მე -5 სართულზე ხართ?

მოწმე პოლიციელი: კი.

ადვოკატი: ლიფტიდან მერამდენე ოთახია თქვენი?

მოწმე პოლიციელი: ვერ გეტყვით.

ადვოკატი: 5 წელია, იქ მუშაობთ და ვერ მეტყვით მერამდენე ოთახია ლიფტიდან თქვენი და მირიან ქავთარაძის?! 

  • საბა სხვიტარიძის მონაყოლით, მისი ცემა გონების დაკარგვამდე ნიღბიანმა პოლიციელებმა მანქანის შემდეგ ქალაქის სამმართველოში გააგრძელეს - ჯერ მეხუთე სართულზე, სადაც ის სავარაუდოდ მირიან ქავთარაძის კაბინეტში შეიყვანეს, შემდეგ კი მერვე სართულზე, სადაც გამომძიებლის - სალომე ედიშერაშვილის ოთახში დანაშაულის აღიარებას ისევ ნიღბიანები აიძულებდნენ.

შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

  • სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები