უნდა გვქონდეს გარანტია, რომ "ტიტუშკის" ფორმაში გადაცმული პოლიციელი არ იძალადებს და მოახდენს ჩვენს დაკავებას - "ტვ პირველის" ოპერატორი

გაიზიარებს თუ არა "ოცნება" ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის რეკომენდაციებს? - პოლიცია უნდა ატარებდეს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, გადაცდომები უნდა იყოს გამოძიებული - ეს სიტყვები ჩაწერა შავით თეთრზე მაიკლ ო-ფლაერტიმ ვრცელ დოკუმენტში.
სისხლიანი ნოემბრიდან ამ დრომდე კი აქციებზე დაზარალებული მოქალაქეები მოძალადეების დასჯას უშედეგოდ ელოდებიან.
"ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დეტალურად იხსენებს მისი ელბაქიძის გვირაბიდან გატაცების დღეს და ამბობს, რომ პოლიციელს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ვიღაცა ტიტუშკის ფორმაში გადაცმული პოლიციელი არ მომვარდება, არ იძალადებს და არ მოახდენს ჩემს დაკავებას - ამბობს ჯიოშვილი
რომ ვანახოთ ეს კადრები ნებისმიერ ნეიტრალურ ადამიანს, ვერავინ იტყვის იმას, რომ მე პოლიციელები მაკავებდნენ. რეალურად, ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდა ბანდ-ფორმირებად. რომელსაც არ აცვია არანაირი პოლიციის ფორმა. ახორციელებდნენ ჩემს დევნას და თვალთვალს, იქიდან გამომდინარე, რომ უნდოდათ ჩემი გატაცება ისეთი ადგილიდან, სადაც ნაკლებად იქნებოდა ხალხი, სადაც ნაკლებად იქნებოდა კამერები. უნდა გვქონდეს გარანტია იმის, ვიღაცა ტიტუშკის ფორმაში გადაცმული პოლიციელი არ მომვარდება, ჩემზე არ იძალადებს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და შემდეგ უკანონდო არ მოახდენს ჩემს დაკავებას", - ამბობს ლაშა ჯიოშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, რომელიც პოლიციამ ელბაქიძის დაღმართიდან უკანონოდ გაიტაცა, რეჟიმის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ის 2500 ლარით დააჯარიმა.