საქართველოში შობადობა ისევ შემცირდა, სიკვდილიანობა კი გაიზარდა - საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა

28.03.25 16:47
საქართველოში შობადობა ისევ შემცირდა, სიკვდილიანობა კი გაიზარდა - საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა

საქართველოში შობადობა ისევ შემცირდა, სიკვდილიანობა კი გაიზარდა - ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა, რაც გასულ წელთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლებია.

  • 2024 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 415 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (237 ბავშვი).

საქსტატის მონაცემების მხიედვით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7 %-დან 35.9 %-მდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.7, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 27.5 %-დან 29.0 %-მდე.

  • 2024 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6 პროცენტიდან 23.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა დაშეადგინა 69.5 პროცენტი. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე გაიზარდა.
  • 2024 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.0 წლით განისაზღვრა.

ირკვევა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 %-ით გაიზარდა  და 43 971 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 492 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (533 კაცი).

2024 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.4 პრომილე შეადგინა. 2024 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.6 პრომილე შეადგინა.

2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

2024 წელს, რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.9 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელს.

2024 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 520 ერთეული შეადგინა, რაც 1.1 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

მსგავსი სიახლეები