ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე? - რას ფიქრობენ მესამე სექტორში
ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯომარე? - მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება. იმის გამო, რომ ტურავა პარლამენტის დანიშნულია, მისი თავიდან წარდგინების შანსი აღარ არსებობს. ამას 90 ხმა სჭირდება, "ოცნებას" კი ამდენი ხმა არალეგიტიმურ პარლამენტში არ აქვს.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ "კლანს" სურს საკუთარი გავლენები გააძლიეროს საკონსტიტუციოში და გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. პარლამენტს არ შეუძლია მერაბ ტურავას შემცვლელი წარადგინოს, ახლა უზენასმა უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
- სწორედ უზენაესის მიერ იყო მივლენილი საკონსტიტუციოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც გუშინ თანამდებობა დატოვა.
არსებობს ეჭვი, რომ უკვე უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სასამართლოში მერაბ ტურავა შეაბრუნონ.
"ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც იყოს დაკომპლექტებული ისეთი მოსამართლეებისგან, რომლებიც არ შეეწინააღმდეგებიან მმართველ ძალას. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო და მათ შორის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ამჟამად განიხილება ეხება რუსულ კანონს და მის კონსტიტუციურების შეფასებას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ სასამართლოში იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომელიც იქნებიან ლოიალურად განწყობილები მმართველი ძალის ნებისმიერ გადაწყვეტილების მიმართ ", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალო-საქართველოს" წარმომადგენელი გოგა ხატიაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში კლანმა მიავლინა თავისი ორი წარმომადგენელი ეს არის კიკილაშვილი და როინიშვილი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ პერიოდულად კლანი ახდენს თავისი კადრების როტაციას. შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს შემდგომი როტაცია განახორციელონ და შესაძლოა, საქმე ეხებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, რომ ახლებურად გააძლიერონ თავისი პოზიციები საკონსტიტუციო სასამართლოში", - ამბობს კახა წიქარიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავს. აქედან 3 საქართველოს პარლამენტი ირჩევს, 3 საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო სამის წარდგენის უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს.