სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სებ-ის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სებ-ი და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საბანკო სერვისების განვითარებას. მანდატის ფარგლებში კი ითანამშრომლებენ საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებულობის გაზრდას სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით" - წერია სებ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა.
"ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის" - განაცხადა თურნავამ.
„ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უფრო ეფექტური გავხადოთ და დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.