დემორალიზება და დაშინების მცდელობა - კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები ხოშტარიას ინციდენტზე
ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და მორალურ ზეწოლას კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები ადამიანების დემორალიზების და დაშინების მცდელობად აფასებენ. ქალი პოლიტიკოსის თანაგუნდელები პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" რეჟიმი ოპონენტების გასანეიტრალებლად რუსულ მეთოდებს იყენებენ.
ის ქცევა, რომელიც ელენეს მიმართ ჩაიდინეს, მთლიანად უტოლდება წამებას. ეს ყველა არის სწორედ ის მეთოდები, რომელიც ხდება რუსეთში პოლიტიკურად აქტიური პირების წინააღმდეგ, ხდება ბელორუსში და ყველა დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებში. მათი მიზანია ხალხის დემორალიზება, პირველ რიგში, პოლიტიკოსების, ყველა იმ ადამიანის, რომელიც იბრძის „ქართული ოცნების“ დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი მარიკა არევაძე ამბობს, რომ ხოშტარიასთან დაკავშირებული ზეწოლის ფაქტი მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული აღარ არის.
ეს არის მიზანმიმართული მოქმედება „ქართული ოცნების“, ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან იმისთვის, რომ მოახდინოს მებრძოლი ადამიანების დაშინება. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და ეს უკვე ატარებს მასობრივ ხასიათს, რაც უკვე საგანგაშოა, უკვე შემაშფოთებელია და უკვე თითოეულ მოქალაქეს უნდა აძლევდეს სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში მათი უფლებები არ არის დაცული. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საზოგადეობა, - ამბობს მარიკა არევაძე.
ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი თანაგუნდელი გიგა ლემონჯავა ქალი პოლიტიკოსის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას წამების დანაშაულს უწოდებს. მისი თქმით, უკვე არაერთი ფაქტი გამოვლინდა, როდესაც პოლიცია მოქალაქეების მიმართ მსგავს დანაშაულს სჩადის.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ელენე ხოტარიას წინააღმდეგ ჩაიდინა წამების დანაშაული. მას მერე, რაც ელენემ საჯაროდ დაწერა ამის შესახებ, გამოჩნდა არაერთი შემთხვევა მსგავსი. ეს არის სიტემური ტიპის დანაშაული, სისტემური წამება, რომელსაც წინასწარი დაკავების იზოლატორებში სჩადის „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ეს არის თავისი არსით რუსული რეჟიმი. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რეჟიმი არის რუსული, ვგულისხმობთ სწორედ ასეთ გამოვლინებებს, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია პოლიციელებს მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ქალი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ე.წ. სამართალდაცველებმა მას დაზიანებები სახის არეში მიაყენეს, შემდეგ კი სრულად გააშიშვლეს. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.
გარდა ამისა, ხოშტარია ამბობს, რომ დიღმის იზოლატორში ყოფნისას მას მაღალი წნევა ჰქონდა და მედიკამენტებს საჭიროებდა, თუმცა მას წამლები არ მიაწოდეს.